ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთკილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთკილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა

227
გაზიარება

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზის გამყოფ ზოლზე ერთკილომეტრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა.  დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი წერეთელთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო.

როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ხეივანში სარეაბილიტაციო სამუშაოები, 70-იანი წლების შემდეგ, წელს პირველად ჩატარდა. ნარმანიას თქმით, აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოხდა.

„მოსახლეობას აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის ძალიან დიდი მოლოდინი  და მოთხოვნა ჰქონდა. ჩვენ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ და საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ. სამუშაოების ფარგლებში,  სრულად კეთილმოეწყო კილომეტრიანი  ხეივანი, სადაც დაიდგა საბაღე სკამები, ბავშვებისთვის კი  სათამაშო და დასასვენებელი სივრცე გაკეთდა“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, რეაბილიტაციის ფარგლებში, საფეხმავლო ბილიკები მოეწყო, ქვაფენილი დაიგო, ტერიტორიაზე  125 ცალი ლამპიონი დამონტაჟდა, სრულად აღდგა განათების და მოეწყო სარწყავი სისტემები. გარდა ამისა, გზის გამყოფ ზოლზე სკამები და სანაგვე ურნები დაიდგა.

მერიის ინფორმაციით, ხეივანში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა. მოხდა მრავალწლოვანი ხეების  სხვლა-ფორმირება  და აღნიშნულ ტერიტორიაზე 6 435  ჯიშის სხვადასხვა (გართხმული ღვია, ლავანდა, ჩიტავაშლა, კოწახური, ეონიმუსი, ნანდინა, წყავი, დეკორატიული შინდი, ტუია, არიზონის კვიპაროსი) დეკორატიული ბუჩქი დაირგო.  გზაგამყოფ ზოლზე,  15 500 კვმ-ზე,  ბალახიც დაითესა.

კომენტარი