საბავშვო ბაღების ზედა სართულები სასურველია დამცავი ბადით აღიჭურვოს – არქიტექტორი  

საბავშვო ბაღების ზედა სართულები სასურველია დამცავი ბადით აღიჭურვოს – არქიტექტორი  

122
გაზიარება

​არქიტექტორ თამაზ დოგრაშვილის განცხადებით, არსებობს საპროექტო ნორმები, რომელთა დაცვა აუცილებელია, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებს და რომლებიც დღეს უგულებელყოფილია.
​მისივე ინფორმაციით, მანამდე მოქმედი ნორმების თანახმად, ბაგა-ბაღის ასაკის აღსაზრდელები შენობის პირველ სართულზე, ხოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვები მეორე სართულზე უნდა განთავსდეს. იმ შემთხვევაში თუ ბავშვების ამგვარად გადანაწილება ვერ ხერხდება, მაშინ შენობის მეორე სართული დამცავი გამჭვირვალე ბადით უნდა აღიჭურვოს.
​როგორც „სითი კვირას“ თამაზ დოგრაშვილმა განუცხადა, ამ შემთხვევაში საბავშვო ბაღებში არა ლითონის გისოსების, არამედ ბადის გაკეთებაა საჭირო. საუბარია მწერებისგან დამცავი ბადისგან განსხვავებულ, შედარებით მსხვილ ბადეზე.
“დღეს პრაქტიკულად აღარ მოქმედებს ძველი საპროექტო ნორმებით, რომლებიც სავალდებულო იყო ბავშვთა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. გარდა ამისა, არსებობდა ტიპიური პროექტები ბაგა-ბაღებისთვის, რომლებიც ორ სართულზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. ბავშვები დაკავშირებულნი უნდა  ყოფილიყვნენ თავიანთ სათამაშო მოედნებთან. დღის დიდ ნაწილს მაგალითად გვიან გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ეტაპზე ბავშვები ატარებდნენ გარეთ ბუნების წიაღში. მხოლოდ დასაძინებლად შეჰყავდათ შენობაში, ისიც პირველ სართულზე. ეს არის ძველი პრაქტიკა, რომელიც უკვე დავიწყებულია. ეს გამორიცხავდა ბავშვის სიმაღლიდან გადავარდნას. თუკი გამოუვალი მდგომარეობაა და ვერ ხერხდება პატარა ასაკის ბავშვების პირველ სართულზე განთავსება, მაშინ ჩვენს პირობებში უნდა გაკეთდეს დამცავი ბადეები”, – ამბობს დოგრაშვილი.
​მისივე თქმით, ხანძრის შემთხვევაში ადამიანთა ევაკუაციისთვის ბადის ჩახსნა ადვილია, მჭრელი დანით ჩაიჭრება, ხოლო გისოსების მოხსნა ექსტრემალურ ვითარებაში წარმოუდგენელია.
დოგრაშვილის განმარტებით, ბადე ჰაერის მოძრაობას ხელს არ უშლის, ბარიერია და თუკი აღმზრდელებს გამორჩათ ბაგა-ბაღის აღსაზრდელის მოძრაობა ბადე დაიცავს.
“უცხოეთშიც უკიდურეს შემთხვევაში აკეთებენ ბადეებს, არა სახელმწიფო, არამედ კერძო ბაღებში, სადაც ვერ ხერხდება ასაკის მიხედვით მათი დაჯგუფება და მაღალ სართულზე ჰყავთ ბავშვები“, – აცხადებს არქიტექტორი.
მისივე თქმით, ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ შენობაში ფუნქციონირებს ბაგა-ბაღი. “ბაღის შენობა არის ინდივიდუალური პროფილის შენობა, რომელიც სპეციალური მოთხოვნების მიხედვით უნდა დაპროექტდეს. წინააღმდეგი ვართ ასეთი დაწესებულების შემთხვევით შენობაში ფუნქციონირების”,- აცხადებს თამაზ დოგრაშვილი.

კომენტარი