„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია რიყეზე

„ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია რიყეზე

1522
გაზიარება

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეს, “ვარდისფერ ოქტომბერს” თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგ ცენტრიც უერთდება. ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, დღეს, 9:00 საათიდან, რიყის პარკში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და “თბილსერვის ჯგუფის” მხარდაჭერით, ვარდისფერი ყვავილები დაირგო. ნარგავებისგან ძუძუს კიბოსთან ბრძოლის სიმბოლო შეიქმნა. ყვავილების დარგვის აქციაში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილებოდნენ.
როგორც ეროვნული სკრინინგ ცენტრის რადიოლოგმა ეკატერინე შველიძემ განაცხადა, ამ აქტივობების მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დაავადებისადმი.
“ოქტომბრის განმავლობაში სხვადასხვა  საგანმანათლებლო აქციები ჩატარდება. ძუძუს კიბოთი შესაძლოა ყოველი ჩვენგანის ახლობელი იყოს დაავადებული, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დაავადების შესახებ საზოგადოების ფართოდ ინფორმირება”, – განაცხადა ეკატერინე შველიძემ.
მისივე ინფორმაციით, კიბოს პრევენციის სერვისები ბევრ ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის, საქართველოს მოქლაქეებს კი საშუალება აქვთ სკრინინგის პროგრამებით უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით; საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 25-დან 60 წლის ჩათვლით; პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ჩათვლით და მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები 50 – დან 70 წლის ჩათვლით. მათთვის სასურველ კვლევაზე და ფილიალში ჩასაწერად კი უნდა დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე (032) 220 35 35.
აქცია ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის ფარგლებში მიმდინარე „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ნაწილია. ღონისძიებების ფარგლებში პირველ ოქტომბერს, ღამით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა.
როგორც ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ განაცხადა, ოქტომბერში, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები სხვადასხვა სახის „ვარდისფერ აქციებს“ მართავენ, რომლის მიზანია, მეტი ინფორმაცია მაწოდონ საზოგადოებას ავთვისებიანი დაავადების თავიდან აცილების გზების შესახებ; ხელი შეუწყონ სტიგმის დაძლევასა და სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაციას.  ვარდისფერი ბაფთა კი ამ კამპანიის განუყოფელი ნაწილია მთელ მსოფლიოში.
„ძუძუს და სხვა ლოკალიზაციების კობოს თავიდან ასაცლილებლად უმნიშვნელოვანესია სკრინინგის კულტურის ადრეულ ასაკშივე დანერგვა. ამიტომაც, ამგვარ ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა პრიორიტეტულია. იმავდროულად, ისინი დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ასრულებენ და შეუძლიათ უბიძგონ მშობლებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ჩაიტარონ სკრინინგის პროგრამებით გათვალისწინებული უფასო გამოკვლევები,“ – ამბობს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი, ეთერ კიღურაძე.
მისივე თქმით, „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს კიდევ აქვს დაგეგმილი რამდენიმე საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელიც დაეთმობა არა მხოლოდ ძუძუს, არამედ სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს პრევენციის თემას.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრი კიბოს პრევენციის უფასო პროგრამების მიმწოდებელია 2008 წლიდან. დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

 

კომენტარი