მეტროსადგური “ვაჟა-ფშაველა” მგზავრებს კიდევ რამდენიმე დღე ვერ მოემსახურება

მეტროსადგური “ვაჟა-ფშაველა” მგზავრებს კიდევ რამდენიმე დღე ვერ მოემსახურება

731
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ მოემსახურება. როგორც „სითი კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, თუ რამდენი დღე ვერ მოემსახურება მგზავრებს მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“  ზუსტი თარიღი ვერ სახელდება, რადგან ეს  „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოებზეა დამოკიდებული.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოების ბოლო ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, სადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს რამდენიმე დღით ვერ მოემსახურება. მეტროს ახალი სადგურის – „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ, ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო პროცესების განხორციელებას გულისხმობდა, წარმატებით დასრულდა, შესაბამისად, იწყება მოსამზადებელი სამუშაოები იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მეტროსადგური ექსპლუატაციაში მიიღოს. ახალი სადგური რამდენიმე დღეში ამოქმედდება“, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე მატარებლები კვლავ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ იმოძრავებენ, გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით კი თბილისის მერია მგზავრებს მომდევნო დღეებშიც სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით მოემსახურება, რომლებიც მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის  მიმართულებით იმოძრავებენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისათვის.

აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს 29 სექტემბრიდან ვერ ემსახურება.  2 ოქტომბერს მომსახურება უნდა განახლებულიყო, ამ  თარიღმა „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოების გამო კვლავ გადაიწია.

კომენტარი