თბილისის “ალმასის სასახლის” ისტორია და 20 წლის შემდეგ ახდენილი წინასწარმეტყველება 

თბილისის “ალმასის სასახლის” ისტორია და 20 წლის შემდეგ ახდენილი წინასწარმეტყველება 

179
გაზიარება

თბილისში, ჭონქაძის ქუჩის N11 -ში (ყოფილი გუდოვიჩის ქუჩა) მდებარე სახლი, რომელსაც “ალმასის სასახლეს” უწოდებდნენ, თბილისში სამუშაოდ ჩამოსულ გერმანელ ინჟინერს ეკუთვნოდა. 1889-1894 წლებში, სახლი მისგან საქართველოში ირანის კონსულს, მირზა რეზა ხანს შეუძენია. ირანიდან საგანგებოდ ჩამოყვანილ ოსტატებს შენობისთვის აღმოსავლური სახე მიუციათ, სადარბაზოს კარსა და შენობის ფასადზე კი, ირანული წარწერები და სპარსული სიმბოლოები გამოუსახავთ.
ჭერის უნიკალური მორთულობა სადარბაზოს გარდა, შენობის მხოლოდ ერთ ოთახშია შემორჩენილი უვნებლად. მოჭიქულ კერამიკაზე დახატული არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება. თბილისში ჭერის ამგვარი შემკულობა სხვაგან არსად გვხვდება.
“ალმასის სასახლე” ოფოციალურად 1892 წლის 16 ივლისს გაიხსნა. სასახლის გახსნის საზეიმო ცერემონია მირზა რეზა ხანს,  ნასერ ად-დინ შაჰის დაბადების დღისთვის დაუმთხვევია. ახლადგახსნილ საკონსულოში, გრანდიოზული ზეიმი გამართა. გენერალური კონსულის ბრძანებით, ზეიმისთვის მარმარილოს აუზის შადრევანი ისე მოაწყვეს, რომ იქიდან წყლის ნაცვლად კახურ წითელ ღვინოს ედინა, რათა სტუმრებს ღვინო პირდაპირ აუზიდან შეესვათ. ამისთვის აუზის ოთხივე მხარეს აკაციის ყვავილის ფორმის ხის ბრჯენები დაამაგრეს და ზედ უზარმაზარი გოვზა მოათავსეს, რომელშიც ოთხი ათასამდე ბოთლი ღვინო ეტეოდა. გოვზა კაუჩუკის მილებით შადრევნის მილს უერთდებოდა და ონკანის გახსნისთანავე აუზი ღვინით ივსებოდა.
აუზის მიმდებარე ეზო, ხეების ძირები და ბრჯენები ნაირფერი ყვავილებით იყო მორთული. ჰაერში ასობით ჩინური და იაპონური ფარანი ეკიდა და აუზსა და მასში წითლად მოლივლივე ღვინოს ანათებდა. მთაწმინდაზე, საკონსულოს მოპირდაპირე მხარეს ფეიერვერკი მოეწყო, რომელმაც ამ ზეიმს ბრწყინვალება შეჰმატა. ოთახები და ეზო ადგილობრივი დიდგვაროვანი ქალებითა და კაცებით, ასევე, თბილისში მცხოვრები ირანელებით იყო სავსე. აუზის გარშემო ვერცხლის თასებით ხელში მდგარი ოფიციანტები სტუმრებს ღვინით უმასპინძლდებოდნენ. საღამოზე მთავარმართებლის სამხედრო ორკესტრი და ირანელი მუსიკოსის აბდ ალ-ბაყი ყარაბაღის აღმოსავლური ანსამბლი უკრავდა.
შთამბეჭდავი სანახაობით მოხიბლულ თბილისის გუბერნატორ გიორგი შერვაშიძეს, მირზა რეზა ხანისთვის უთქვამს: „ამ საღამოს თქვენ მე მუსლიმად მაქციეთ… თქვენი წინასწარმეტყველის სამოთხის აღწერა ლექსებში წაკითხული მქონდა, მაგრამ მისი არსებობის არ მჯეროდა, ამ საღამოს კი ვირწმუნე, რომ მუჰამედის დაპირებული სამოთხე მართლაც არსებობს და ის აქაურობის მსგავსია“.
მირზა რეზა ხანი საოცრად განსწავლული ადამიანი ყოფილა, რომლის ოჯახი, თავრიზიდან საქართველოში გადმოსახლებულა. პატარა მირზა თბილისის შიიტურ სასწავლებელში, მოგვიანებით კი მადამ სტასულევიჩის ფრანგულ პანსიონში სწავლობდა. იმ პერიოდს უკავშირდება ერთი საინტერესო ისტორიაც.
პანსიონში მირზასთან ერთად პატარა ბიჭი, ვანო ალიხანოვი სწავლობდა, რომელიც მეგობრებს და მირზასაც კანფეტებით უმასპინძლდებოდა. ერთ გოგონას ვანოსთვის უკითხავს, – განა შეიძლება თათრისთვის კანფეტების მიცემაო?
ვანოს სრული სერიოზულობით უპასუხია, – რატომაც არა, მოვა დრო და იგი კონსული გახდება, თავის სახლში შაჰის დაბადების დღეზე დამპატიჟებს, ფოიერვერკს ერთად ვუყურებთ და ტკბილეულითაც გამიმასპინძლდებაო.
დაახლოებით 20 წლის შემდეგ ახდა ვანოს წინასწარმეტყველება. უკვე კონსულს, მირზა რეზას, ვანო ალიხანოვი მოუძებნია, შაჰის დაბადების დღის აღსანიშნავ ზეიმზე მიუწვევია, ტკბილეულითაც გამასპინძლებია და სასახლის აივნიდან ფოიერვერკის ყურების დროს მისი წინასწარმეტყველური სიტყვებიც გაუხსენებია.
მირზა რეზა ხანის სასიყვარულო ისტორიები თბილისსაც უკავშირდება, ერთ ხანს იგი თბილისში საგასტროლოდ ჩამოსული ამერიკელი პრიმადონით – მის მიკიტათი იყო დაინტერესებული. აქვე გაიცნო მეორე მეუღლე, ინგლისელი ლილი ჯერვისი, რომლისგანაც ვაჟი, ჰასანი, შეეძინა.
ყველგან, სადაც მირზა რეზა ხანი მოღვაწეობდა, მნიშვნელოვანი შენობები აიგო. მათგან ერთ-ერთი – „დანეშგაჰი“ მონაკოშია. მას მოგვიანებით „ვილა ისპაჰანი“ ეწოდა. ორი შენობა კი საქართველოშია: ბორჯომში „ფირუზას სასახლე“ და თბილისში „ალმასის სასახლე“.
1933 წელს მირზა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი.

წყარო: “ტფილისის ჰამქრი”
            რუსიკო სტურუას ფეისბუქგვერდი.
ფოტო: რუსიკო სტურუა, ლევან ხერხეულიძე 

კომენტარი