ჟურნალ „ველური ბუნების“ პირველი ნომერი გამოვიდა

ჟურნალ „ველური ბუნების“ პირველი ნომერი გამოვიდა

86
გაზიარება

​საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დღეს, ჟურნალ „ველური ბუნების“ პირველის ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცემა და მასში საქართველოს ველურ ბუნებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და აქტუალური საკითხი აისახება.
ჟურნალი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით გამოირჩევა და მასში დაბეჭდილია შემეცნებითი ხასიათის სტატიები საქართველოს ველურ ბუნებასა და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებზე.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ველურ ბუნებასა და გარემოს დაცვის პრობლემატიკით დაინტერესებული ადამიანები, დარგის სპეციალისტები, მკვლევარები და პროექტის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
ჟურნალის მიმართულებები და მისი დანიშნულება დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის თავმჯდომარემ, კავკასიაში „საფარი კლუბის“ პრეზიდენტმა, ჟურნალ „ველური ბუნების“ დამაარსებლმა, თეიმურაზ ტყემალაძემ, ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა გოჩა კობერიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა გააცნეს.
როგორც „სითი კვირას“ გოჩა კობერიძემ განუმარტა, ჟურნალი „ველური ბუნება“ გამოვა სამ თვეში ერთხელ. გაყიდვაში არ იქნება, მას საჯარო ბიბლიოთეკა გაავრცელებს და მოქალაქეებს მისი წაკითხვა ბიბლიოთეკაში შეეძლებათ. ჟურნალის ელექტრონული ვერსია ვებგვერზე და სოციალურ ქსელში განთავსდება. ჟურნალი დარიგდება სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, იქნება სატრანსპორტო საშუალებებში სამგზავრო მატარებლებში, თვითმფრინავში და მგზავრს საშუალება ექნება წაიკითხოს.
საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის თავმჯდომარის, კავკასიაში „საფარი კლუბის“ პრეზიდენტის, ჟურნალ „ველური ბუნების“ დამაარსებლის, თეიმურაზ ტყემალაძის მოსაზრებით, ეს ჟურნალი წარმატებული და დროული იქნება, სადაც გაშუქდება ყველაფერი, ადამიანების ბუნებასთან დამოკიდებულება, მისი მნიშვნელობა საქართველოს მომავლისათვის.
მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის წევრებს ჟურნალი უფასოდ დაურიგდებათ.
„ველურ ბუნებაზე უზარმაზარი წნეხის გამო, სწორედ ახლა არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო და ჩვენ, საქართველოს ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც წარმოვადგენთ სახელმწიფო, საზოგადოებრივ, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც ვიმსჯელებთ, ვიკამათებთ და რაც მთავარია, ერთობლივი ძალებით შევეცდებით გადავჭრათ პრობლემები და არამხოლოდ განადგურებისგან დავიცვათ, არამედ ვისწავლოთ ბუნების მდგრადი გამოყენება და განვითარება. ჟურნალი „ველური ბუნება“ სწორედ ამ მიზნით გაერთიანებული ადამიანების ერთობლივი პროექტია”,- განაცხადა თეიმურაზ ტყემალაძემ.
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილის თქმით, ჟურნალი გამოცემულია ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით. ეროვნული ბიბლიოთეკამ ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო სწორედ იმიტომ, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის რარიტეტული ფონდის დიდი ნაწილი სწორედ გარემოს დაცვით და გეოგრაფიული საკითხებით შედგენილ ლიტერატურას ეთმობა.
​მისივე ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს, აქ თავი უნდა მოეყარა  გეოგრაფიულ ლიტერატურას. რუსეთის მეფის ნაცვლის დავალებით, ბიბლიოთეკა კავკასიასთან დაკავშირებული გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობების შესახებ გამოკვლეული ლიტერატურით უნდა დაკომპლექტებულიყო.
“მკითხველი ამ ჟურნალში გაეცნობა კარგ და საინტერესო საკითხებს, სხვადასხვა სტატიებს გარემოს დაცვის, ეკოლოგიურ პრობლემებსა და ბუნებრივი რესურსების ათვისების შესახებ. ჟურნალი ყველა ბიბლიოთეკაში დაიდება და პერიოდულად ჩატარდება პრეზენტაციები, დისკუსიები სხავადასხვა თემატიკაზე. ჟურნალში არის რუბრიკა სახალხო ეკოლოგია, სადაც პერიოდულად დაეთმობა სტატიები საუკუნეების განმავლობაში ეკოლოგიასთან დაკავშირებით რა ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ. ეს რუბრიკა ძალიან საინტერესოა იმითი, რომ გავიგოთ რა სიტუაცია იყო რამდენი საუკუნის წინ და წარსულის გამოცდილება დღესაც გავიზიაროთ. არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის პრობლემაა სწორედ ეკოლოგიური საკითხები და ბუნების დაცვა“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.
ჟურნალთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამაც გამოთქვა. როგორც მან “სითი კვირას” განუცხადა, ჟურნალში საინტერესო კონცეფციაა წარმოდგენილი. მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის ყველა კომპონენტთან ბუნების რაციონალურად  გამოყენება.
“ბუნების რაციონალურად გამოყენება და მდგრადი განვითარება დღეს ყველაზე აქტუალურია ძალიან ბევრი თვალსაზრისით. ბუნების სწორად გამოყენება, ადამიანის ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია ერთი მხრივ, მეორე მხრივ ბუნების რაციონალური გამოყენება ადამიანის ცხოვრებისთვის და მისი განვითარებისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით ადგილობრივი ვითარების შეფასებით და ჯანსაღი დისკუსიით ყოველთვის შესაძლებელია ბუნებრივი რესურსების გამოსაყენებლად სწორი გზების მოძიება. დარწმუნებული ვარ რომ მკითხველს ყოველთვის საინტერესო მნიშვნელოვან ინფორმაციას შესთავაზებს“, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარი