თბილისში უკვე 50 “ჭკვიანი კამერა” დამონტაჟდა

თბილისში უკვე 50 “ჭკვიანი კამერა” დამონტაჟდა

205
გაზიარება

​თბილისში უკვე 50 ერთეული, ე.წ ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული. კამერების დამონტაჟების სამუშაოები გრძელდება, და ყველა იმ არეალში განთავსდება, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლია გამოყოფილი. შესაბამისად, ყველა მძღოლს, რომლებიც Bus Lane -ს გადაკვეთენ კამერა დააფიქსირებს და დაჯარიმდებიან.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, კამერების დამონტაჟების პროცესს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მიაჩნია, რომ ეს ღონისძიება საგზაო შემთხვევების და ზოგადად დარღვევების შემცირების თვალსაზრისით შედეგის მომტანი იქნება.
​როგორც ეკა ლალიაშვილმა „სითი კვირას“ განუცხადა, შსს-ს მიერ დაანონსებული 3000 ათასი ჭკვიანი კამერების დიდი უმეტესობა, სავარაუდოდ თბილისში დამონტაჟდება, რადგან დედაქალაქში რეგიონებთან შედარებით მეტი ავტომობილი მოძრაობს.21908458_1826580567367078_1215579709_o
„ეს არის თანამედროვე ნაბიჯი გადადგმული თანამედროვე გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რაც დღეს გვაქვს არამარტო დედაქალაქში, არამედ მთლიანად ქვეყანაში. ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვა უკვე ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს საგზაო შემთხვევების და ზოგადად დარღვევების შემცირების თვალსაზრისით, ეს  მექანიზმი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მუშაობს და მან ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. ზუსტად ანალოგიური მოლოდინი გვაქვს აქაც“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისი აზრით, ე.წ ჭკვიანი კამერები არა მხოლოდ ერთგვარი დამხმარე საშუალება იქნება პატრულისთვის, არამედ ამ ახალი ტექნოლოგიებს, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით წამყვანი ფუნქცია ექნება.
„თანამედროვე ტექნოლოგიებს დღეს უკვე, ყველა გამოცდილ ქვეყანაში აქვს ძირითადი ფუნქცია, ვიდრე ადამიანურ რესურს და პოლიციას. პოლიციის მიერ აღსრულება მაინც გუშინდელი ნაბიჯია, ხოლო – ხვალინდელი კამერების გამოყენება“, – მიაჩნია ლალიაშვილს.
ე.წ ჭკვიანი კამერები მოძრაობის წესების შემდეგ დარღვევებს დააფიქსირებენ: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა; მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა; ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა; სიჩქარის გადაჭარბებას და მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება.
ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციას მძღოლები, მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიიღებენ. ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება:  http://www.police.ge
თამარ შელია

კომენტარი