თბილისის თოჯინების თეატრს თანამედროვე სტანდარტის ახალი შენობა ექნება (ფოტო) 

თბილისის თოჯინების თეატრს თანამედროვე სტანდარტის ახალი შენობა ექნება (ფოტო) 

1687
გაზიარება

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ახალი შენობა, აღმაშენებლის გამზირის N 136-ში შენდება. 243 მაყურებელზე გათვლილი ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და უმაღლესი ხარისხის ტექნიკით აღიჭურვება. თეატრის შენობას შიდა ეზო და კაფე ექნება, სადაც მაყურებელს შეეძლება დაისვენოს.
თეატრის ახალი შენობის მშენებლობა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 2016 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება.
​როგორც „სითი კვირას“ თოჯინების სახელმწიფო თეატრში განუცხადეს, თეატრს საკუთარი შენობა 2011 წლიდან აღარ აქვს. მათ წარმოდგენებს 2017 წლის სექტემბრამდე, კუს ტბის ქუჩის N 2–ში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი “მუზა” მასპინძლობდა. ახალი სეზონიდან თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრსა და „სილქ ფაქტორი სტუდიოს“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის საფუძველზეც თეატრს უსასყიდლოდ დაეთმობა სცენა. ამჟამად თეატრი წარმოდგენებს მართავს მისამართზე: მერაბ კოსტავას N59, აბრეშუმის თეატრის შენობაში.
3 ოქტომბერს, აბრეშუმის თეატრში, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის რიგით 84-ე თეატრალური სეზონი, ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლით „საქართველო“ გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ თოჯინების თეატრი 1934 წელს, საქართველოს სახალხო არტისტმა გიორგი მიქელაძემ დააარსა. ეს თეატრი თითქმის საუკუნეა, ბავშვების ესთეტიკურ აღზრდაზე ზრუნავს.

კომენტარი