თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური 16 ოქტომბერს გაიხსნება

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე სადგური 16 ოქტომბერს გაიხსნება

471
გაზიარება

თბილისის მეტროპოლიტენის ახალი, 23-ე სადგური “უნივერსიტეტი” 16 ოქტომბერს გაიხსნება და მგზავრებს, დღის მეორე ნახევრიდან მოემსახურება. „უნივერსიტეტის“ გახსნის დღიდან კვლავ ამოქმედდება მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“, რომელიც ახალ სადგურში მიმდინარე სატესტო სამუშაოების გამო მგზავრებს ვერ ღებულობდა.
​როგორც „სითი კვირას“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. პროექტის ფარგლებში, სამუშაოები დასრულებულია, აშენდა და მოეწყო მეტროსადგურ უნივერსიტეტის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები. მეტროს ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდა, რესტავრაცია ჩაუტარდა არსებულ გვირაბებს, მეტროსადგურებსდელისსა” და “ვაჟა-ფშაველას” შორის ამუშავდება მეორე გვირაბიც, დამონტაჟდა სალიანდაგო ხაზები. მოეწყო ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე მოეწყო სიგნალიზაციის მართვის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდა სათადარიგო ამოსასვლელები.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 83,000,670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას. მეტროსადგური “უნივერსიტეტი“ ტესტირების რეჟიმში 2017 წლის ივლისის ბოლოდან მუშაობს. აღსანიშნავია, „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს 29 სექტემბრიდან ვერ ემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს ახალი სადგურის – „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ, ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო პროცესების განხორციელებას გულისხმობდა, წარმატებით დასრულდა, შესაბამისად, დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მეტროსადგური ექსპლუატაციაში მიეღო.

კომენტარი