როცა ყველას გაქცევაზე ეჭირა თვალი, ის თბილისში დაბრუნდა – მოგონებები ლიკა ქავჟარაძეზე 

როცა ყველას გაქცევაზე ეჭირა თვალი, ის თბილისში დაბრუნდა – მოგონებები ლიკა ქავჟარაძეზე 

11739
გაზიარება

საბჭოთა ეპოქის ქართული კინოს მშვენება – ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ფორტეპიანოს განხრით. ფილმებში 12 წლის ასაკიდან მოყოლებული იღებდნენ. ამის შესახებ თავად მსახიობი ამბობდა, რომ განებივრებული არასდროს ყოფილა: “დედას ამის საშუალება, უბრალოდ, არ ჰქონდა. 12 წლიდან კინოში დავიწყე გადაღება და ჩემი ოჯახის მარჩენალი გავხდი“.

სამსახიობო კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ლიკა ქავჟარაძეს თეატრალურ ინსტიტუტში არ ჩაუბარებია. ნიჭიერთა მუსიკალური ათწლედის შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი მუსიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თუმანიშვილის თეატრში მუშაობაც სცადა, მაგრამ წარუმატებლად.
იმ პერიოდში საქართველოში სამოდელო ბიზნესი იდგამდა ფეხს და ლიკამ ბედი პოდიუმზეც  მოსინჯა.
მოდების სალონის „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, – ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ. სამაგიეროდ, დარბაზი ტაშის გრიალით ინგრეოდა მსახიობის პოდიუმზე გამოჩენისას.

წლების წინათ ლიკას ცხოვრების შესახებ ფილმის გადაღებასაც აპირებდნენ, სცენარიც იწერებოდა, მაგრამ სცენარის ავტორმა, დრამატული ბიოგრაფიის მქონე მწერალმა ქალმა, ქეთი ნიჟარაძემ თავი მოიკლა, თვითმკვლელობის წინ კი ყველა ხელნაწერი დაწვა…
როდესაც ლიკას მოკლემეტრაჟიან ფილმ „დივერტისმენტში“ იღებდნენ, ქართველი მსახიობით ცნობილი ბალერონი ანდრის ლიეპა მოხიბლულა. ფილმის იმ ეპიზოდს, რომელშიც ლიკასთან ერთად ცეკვავდა, ლიეპამ „ვალსი ღვთაებასთან“ უწოდა.

​ლიკა დედის და ბებიის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებოდა და მიაჩნდა, რომ ამის გამო ძალიან გაუჭირდა ცხოვრება. საინტერესოა ისიც, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში მას ამერიკაში დარჩენის შანსი ჰქონდა, მაგრამ თბილისში დაბრუნება ამჯობინა და ეს არასდროს უნანია.
“გადაღებაზე მივდიოდი, დედა მომყვებოდა, სადღაც სხვაგან – ისევ დედა ან ბებია… 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ამიტომ ძალიან გამიჭირდა ცხოვრება. არ ვიცი, შეიძლება ჩემთვის იმის აცილება უნდოდა, რაც თვითონ დაემართა, არ ვიცი. მაგრამ, როცა ასეთ პირობებში გაიზრდები და წლების მერე, საერთოდ სხვაგან აღმოჩნდები, სხვა ქვეყანაში, შეიძლება გაგიჟდე. ამერიკაში დარჩენის საშუალება გვქონდა, სადაც ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო მუშაობდა, მაგრამ ვერა! არა! არ შემეძლო! მიუხედავად იმისა, რომ 1993-94 წელი იყო და ყველას აქედან გაქცევაზე ეჭირა თვალი. უკან დავბრუნდით”, – ამბობდა ლიკა ქავჟარაძე.
მსახიობი ისე იზრდებოდა, რომ დედას არასდროს უთქვამს მისთვის, – ლამაზი ხარო. ლიკაც ცდილობდა  მხოლოდ წესრიგში ყოფილიყო, ქუჩაში უმაკიაჟოდ გადიოდა.

​ლიკა ქავჟარაძეს ​სიყვარულთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ჰქონდა, მიაჩნდა, რომ სიყვარულისთვის საზღვრები და ადგილები არ არსებობს. ის მაშინ მოდის, როცა უნდა. წლების მატებასთან ერთად კი სიყვარული უფრო ღრმა, ტკბილი და სასიამოვნო ხდება, “შესაძლოა, ნაკლებად ბობოქარი და თავქარიანი, მაგრამ ძალიან ნამდვილი.”

მიაჩნდა, რომ ამ გრძნობას ქალები კაცებზე ძლიერად განიცდიან: “ქალი უფრო ძლიერია თავისი არსებით, ემოციით, თუ თავისი ქმედებებით, ვიდრე მამაკაცი. დარწმუნებული ვარ, ის, რის გაკეთებაც ქალს შეუძლია, სიყვარულისთვის, მამაკაცი ვერასდროს გააკეთებს. მაგრამ ეს შეგრძნებაც არ მაწუხებს. ანუ არ განვიცდი ხოლმე იმას, რომ მე უფრო ძლიერი ვარ”.

„ლიკა ქავჟარაძე მოწოდებით მსახიობია, გატაცებით მხატვარი და პროფესიით მუსიკოსი“ – ამბობდა რეჟისორი გიორგი შენგელაია.

„მეც და სოსო ჯაჭვლიანმაც ვიცოდით, რომ ორივეს ლიკა გვიყვარდა, მაგრამ მისთვის არც ერთს არ გვითქვამს. თან მერე გავიგეთ, რომ ლიკას საქმრო ჰყავდა და ამიტომ იძულებულები გავხდით, ჩვენი სიყვარული რაინდულად გულში შეგვენახა“, – აცხადებდა მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, რომელიც სოსო ჯაჭვლიანთან ერთად ლიკა ქავჟარაძეს უწევდა პერნიორობას ფილმ “ნატვრის ხეში”.
წყარო

კომენტარი