თითქოს მიწიდან ამოზიდულა და აგვირგვინებს უზარმაზარი კლდის წვეროს – მეტეხის ტაძარი 

თითქოს მიწიდან ამოზიდულა და აგვირგვინებს უზარმაზარი კლდის წვეროს – მეტეხის ტაძარი 

419
გაზიარება

თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, წმ. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, დაახლოებით XII საუკუნეში აიგო. ისტორიულ წყაროში მეტეხს მოიხსენიებენ. ამ ტაძარში თამარ მეფე ლოცულობდა. 1235 წელს მონღოლთა შემოსევების დროს თბილისი გაეხვა ცეცხლში, ხოლო მეტეხის ტაძარი და საქართველოს მეფეების რეზიდენცია დაინგრა. 1278—1289 წწ. მეფე დემეტრე II-მ ტაძარი კვლავ აღიდგინა, თუმცა XV საუკუნეში სპარსელებმა დაარბიეს. XVI-XVII საუკუნეებში ტაძარი საქართველოს მეფეების მიერ შენდებოდა. მას შემდეგ, რაც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II -მ თბილისის მეტეხის ციხესიმაგრე მტერს ძალით წაართვა, შეაკეთა მეტეხის ეკლესია და აღადგინა მისი გუმბათი.
​ეკლესიის კედლების წყობის ტექნიკა კლასიკური ქართული ტიპისაა. გამოყენებულია მშვენივრად თლილი მომწვანო- რუხი ქვა. მისი გეგმა წარმოადგენს მართკუთხედს, რომლის შუაში გუმბათის საყრდენად ოთხი სვეტია აღმართული. ტაძრის აღმოსავლეთით ღიად და შთამბეჭდავად გამოშვერილია მძლავრი ნახევარცილინდრული აფსიდები – ცენტრში დიდი, აქეთ იქით კი, უფრო მომცრო. ეკლესიას უჭირავს 20,6x 16 მეტრის ფართობი. სიმაღლე მისი შიდა სივრცისა 24,5 მეტრია. რაღაც სადღესასწაულო სიმშვიდით სუნთქავს მთელი შენობა თავიდან ბოლომდე, ყოველ წვრილმანამდე რეალური სიდიადის შეგრძნებას და დიდებულ უბრალოებას აძლიერებს მოხდენილი აღნაგობა და დინამიკა დოლურისა, რომელსაც კარვისებური გუმბათი აბოლოვებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველად ეკლესია იდგა გალავნის შიგნით და ხალხის სამზერლად გათვალისწინებული იყო სწორედ ტაძრის ზემო ნაწილი.
​სამეფო საყდარი თითქოს მიწიდან ამოზიდულს ჰგავს და ჰარმონიულად აგვირგვინებს უზარმაზარი კლდის ბუნებრივ წვეროს. აქ, ისევე, როგორც ძველი ქართული ხულოთმოძღვრების ბევრი სხვა ნაგებობის მიმართ, პეიზაჟი ჩაყენებულია ძეგლის უკეთ ხილვადობის სამსახურში და აძლიერებს მის გამომსახველობას:  არქიტექტურა სრულყოფს ბუნებრივ სილამაზეს, ხოლო ბუნება ხაზს უსვამს არქიტექტურის სიმშვენიერეს.
​ტაძრის გარედან დათვალიერებისას, თვალში გვხვდება განსხვავება კედლების შემკულობაშიც და სამკაულის განაწილებისას რაციონალური ხერხების გამოყენებაში. ტაძრის ფასადების გაფორმება ხუროთმოძღვარს 12549001_911731072237930_4155108861244885463_nგანუხორციელებია, მათი ხილვადობის შესაძლებლობათა გათვალისწინებით, ამა თუ იმ ფასადის რეალური მუშაობის ანგარიშგაწევით. ასე, მაგალითად, დასავლეთი და სამხრეთ ფასადები, ღრმა ხევისკენ მოქცეული, რომელსაც თავის დროზე მხოლოდ მოპირდაპირე ნაპირიდან თუ დაინახავდნენ (ახლანდელი თავისუფალი სივრცე მათ წინ ადრე ციხე-სიმაგრის კედლებს ეკავა) დამუშავებულია მხოლოდ ზოგად მასებში, სამკაულების გარეშე. უხვი, ღრმა ჩუქურთმები ქვაზე მთლიანად თავმოყრილია ჩრდილო და აღმოსავლეთ ფასადებზე, ანუ ტაძრის მისასვლელ მხარეზე. აღმოსავლეთ ფასადს, რომელიც ყოფილ სამეფო სასახლეს გასცქეროდა, ამკობს ყველაზე უფრო ნატიფი ჩუქურთმა, რომლის ცალკეული დეტალი მძიმე ამობურცულ ორნამენტიან ქსოვილს გაგონებს.
მეტეხის ტაძრის ჩუქურთმოვანი შემკულობა ძალიან დაზიანდა ძეგლის მრავალსაუკუნოვანი სიცოცხლის მანძილზე.
მეტეხის ტაძრის აღმშენებლის გვარი უცნობია. ძელი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა დიდი უმრავლესობა, ხალხური პოეზიის შედევებისა არ იყოს, უსახელოა. როგორც სახალხო მთქმელები და მომღერლები იღებდნენ მემკვიდრეობით თავის ხელოვნებას წინაპრებისგან და მოძღვართაგან, ისე ძველი ქართველი ხუროთმოძღვრებიც სწავლობდნენ თავისი მამა-პაპისგან, მათი შემოქმედების ნიმუშებზე, ქვაში ამეტყველებდნენ ხალხის სულს, მის მუდმივ სწრაფვას მშვენიერებისკენ.

თბილისის მეტეხის ტაძარს, ქვის კონსერვაციის სამუშაოები 2014 – 2015 წლებში ჩაუტარდა. ტაძრის აღმოსავლეთი ფასადი, მთელ პერიმეტრზე, ბენზალკოლიუმის ხსნარით ბიოლოგიური ნადების საწინააღმდეგოდ დამუშავდა, შემდგომ კი გაიწმინდა არსებული ნადებისაგან. ფასადზე მექანიკურად მოიხსნა სხვადასხვა პერიოდის ცემენტის შევსებები;
განშრევებული ქვის სიღრმეები და ბზარები ჰაერის მსუბუქი ჭავლით გაიწმინდა;
განხორციელდა დაბზარული ქვის კონსერვაცია. ქვის ზედაპირზე არსებული ბზარები ეთილ სილიკატის, წვრილი ბზარები კი ნანო სილიკატის საშუალებით გამაგრდა;
შეივსო ნაკერები;
ამგვარად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტაძრის აღმოსავლეთ ფასადის ქვების გამაგრების სამუშაოების II ეტაპი დასრულდა.
12400845_911731025571268_7722837196824250690_nწყარო: გიორგი სუციშვილი “ჩემი თბილის-ქალაქი”

კომენტარი