ლემურების ოჯახში კონფლიქტი აღმოიფხვრა – რატომ ძალადობდა ცოლი ქმარზე

ლემურების ოჯახში კონფლიქტი აღმოიფხვრა – რატომ ძალადობდა ცოლი ქმარზე

638
გაზიარება

თბილისის ზოოპარკის ბინადარ ლემურებსკიჭასა და მის მეუღლეს, ცოტა ხნის წინათ ტყუპები შეეძინათ. მშობიარობის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, დედა და შვილები მამისგან განცალკევებით ცხოვრობდნენ. არა იმიტომ, რომ მამრს ახალშობილები არ დაეშავებინა. პირიქით. შესაძლოა, თავად გახვეულიყო შარში.
ლემურების ოჯახზე თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია საზოგადოებას სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიას უამბობს.
​როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ლემურებში მატრიარქატია და სოციალურ იერარქიაში უმაღლესი რანგის მამრზე უმდაბლესი რანგის მდედრიც კი დომინირებს.
“ჩვენი ლემურების შემთხვევაში საფრთხილო იყო, შვილების დაცვაზე კონცენტრირებულ ცოლს, არც მეტი, არც ნაკლები, ქმარი არ გაეტყიპა. ჰო, საშინელი ცემა იცის. ერთხელ ისე გალახა, დაზარალებულს კარგა ხანი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის. ამ ოჯახური ძალადობის ფონზე, დედისა და პატარების გამოშვების მომენტში ძალიან ვღელავდით. სრულიად შესაძლებელი იყო, რაღაც არ მოსწონებოდა ქალბატონს და ისევ მიეჟეჟა თავისი პარტნიორი. მოკლედ, გავაღეთ კარი და გამოვიდა კიჭა. ზურგზე შვილებახორხლილი. გამოედევნა ცოლს მონატრებული მეუღლე. და რომ გვეგონა, ან ახლა ჩააფეთებს, ან ახლაო, არ ადგა ეს ჩვენი კიჭა და არ დაუწყო ამ ქმარს ხვევნა-კოცნა? რას დამსგავსებიხარ ჩემ არყოფნაშიო და სულ აულოკა ყურები, თვალები, კისერი, თათები. ისიც, თავის მხრივ, ეხუტებოდა, სახეს უცმუცნიდა, როგორ მომენატრე, ჩემო კაპასო და ჩხუბისთავო, მაგრამ ძალიან საყვარელო ცოლოვო. რაღა დაგიმალოთ, და დიდად გულის ამაჩუყებელი სცენა იყო. აბაა… ცოლ-ქმრის ჩხუბი სულელს მართალი ეგონაო…”, – ასე აღწერს ცოლ-ქმრის შეხვედრას თბილისის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში და ამ შეხვედრის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.

კომენტარი