თბილისის მეტროსადგურებში ავტომატური კონტროლის ახალი აპარატები დამონტაჟდება  

თბილისის მეტროსადგურებში ავტომატური კონტროლის ახალი აპარატები დამონტაჟდება  

984
გაზიარება

თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზის ერთ-ერთ სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე”, ავტომატური კონტროლის ახალი, თანამედროვე სტანდარტების აპარატები დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს. ტურნიკეტები ორმხრივია და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მგზავრები საპირისპირო მხრიდანაც გაატაროს. გადახდის აპარატები გამჭვირვალე მინის ბარიერით არის აღჭურვილი, რაც მუშაობის პროცესში არ იწვევს ხმაურს და დამატებით კომფორტს უქმნის მგზავრებსა და მომსახურე პერსონალს. აპარატების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და უზრუნველყოფს მის დაცვას ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანებებისგან.
ახალი გადახდის აპარატების მუშაობას თბილისის მერი დავით ნარმანია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დღეს გაეცნო.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუმარტეს, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით და მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა. პროექტი საქართველოს ბანკმა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების შედეგად განახორციელა. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა.
​მათივე ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვების ფარგლებში, საქართველოს ბანკი არაერთ ინვესტიციას განახორციელებს და განაგრძობს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. “აღნიშნულ აუქციონში გამარჯვების შედეგად, ბანკს აქვს უპირატესობა და შესაძლებლობა, მომხმარებელს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები შესთავაზოს”,- აცხადებენ მერიაში.
მათივე ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების ავტომატური კონტროლის აპარატები თბილისის მეტროს ყველა სადგურში ეტაპობრივად განთავსდება და ეს პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ავტომატური კონტროლის  ახალი აპარატების დამონტაჟება მიმდინარეობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს: თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზებზე დაინერგოს ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათით მგზავრობის სისტემა;  მუნიციპალური ტრანსპორტი აღიჭურვოს ახალი სალარო აპარატებით და ბარათის წამკითხველი ვალიდატორებით; შეიქმნას სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით; დაინერგოს მიწისზედა ტრანსპორტის ადგილმდებარეობის დადგენის ახალი სისტემები, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს მოძრაობის გრაფიკი და ოპერატიულად შეძლოს შესაბამისი რეაგირება;  „საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭრვება.

კომენტარი