თბილისის შემოვლითი რკინიგზის ალტერნატივად შესაძლოა ქალაქის ცენტრში გვირაბი გაიყვანონ

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ალტერნატივად შესაძლოა ქალაქის ცენტრში გვირაბი გაიყვანონ

3252
გაზიარება

თბილისის შემოვლითი რკინიგზის ალტერნატივად, რომელმაც უნდა განტვირთოს ქალაქზე გამავალი სატვირთო შემადგენლობის ნაკადები, შესაძლოა რკინიგზის სადგურ “დიდუბედან” “ნავთლუღამდე” გვირაბი აშენდეს.
შემოვლითი რკინიგზის აშენებას თბილისის მერიას, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი სთავაზობს, რაც ითვალისწინებს ქალაზე გამავალი სატვირთო და ტრანზიტული საავტომობილო ნაკადების განტვირთვას.
​როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის, “სითი ინსტიტუტი – საქართველოს დირექტორმა” მამუკა სალუქვაძემ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, ბოლო ხანებში რკინიგზის თემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინტერპრეტაციები ისმის. თავად გენგეგმის ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ ქალაქში შესაცვლელია სატრანსპორტო მოძრაობა, როგორც სატვირთო ისე სამგზავრო შემადგენლობებისთვის.
“ქალაქს უნდა მოვაცილოთ ის ხიფათი, რასაც სატვირთო შემადგენლობები ქმნის. დედაქალაქის მთავრობას ამ შემადგენლობების ალტერნატიულ გზაზე გადატანას ვთავაზობთ. რაც შეეხება სამგზავრო რკინიგზას, ის შესაძლოა განხორციელდეს ჩვენს მიერ შენარჩუნებულ სატრანსპორტო დერეფანში საქალაქო ტიპის რკინიგზის ან ჩქაროსანული ტრამვაის სახით”,- აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
მისივე ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის ალტერნატივად გვირაბის მშენებლობისთვის,
თ​ავად რკინიგზამ დაუკვეთა კვლევა და დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლოა თბილისის ცენტრში, რამდენიმე კილომეტრიანმა სარკინიგზო გვირაბმა გაიაროს.
“არის გარკვეული შემოთავაზებები და კვლევები იმასთან დაკავშირებით რომ რკინიგზის შემადგენლობამ გვირაბში გაიაროს და სწორედ ეს ორი სადგური – “ნავთლუღი” და “დიდუბე” დააკავშიროს ერთმანეთთან. ვნახოთ, კვლევა რა შედეგს მოგცემს. იმ შემთხვევაში თუ ჩაითვლება, რომ ეს განხორციელებადია და პირობას მოგვცემენ, რომ გვირაბი უსაფრთხო იქნება, მაშინ ქალაქს არ ექნება შემოვლითი გზა და გარკვეული მონაკვეთი მიწის ქვეშ გაივლის”, – განმარტავს მამუკა სალუქვაძე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც გაზრდის ქალაქის მობილობას და მის შემოსასვლელებს ერთმანეთთან ეფექტიანად დააკავშირებს. მათ შორის, საუბარია მცხეთა – თბილისი – რუსთავი – გარდაბნის მიმართულებით საქალაქო რკინიგზის, ან ტრამვაის გაყვანაზე.

კომენტარი