“ჭკვიანი კამერები” ხვალიდან ამოქმედდება – საინფორმაციო კამპანია თბილისის ქუჩებში  

“ჭკვიანი კამერები” ხვალიდან ამოქმედდება – საინფორმაციო კამპანია თბილისის ქუჩებში  

1556
გაზიარება

თბილისის გზებზე დამონტაჟებული ე.წ. ჭკვიანი კამერები ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის მძღოლები ავტომატურად დაჯარიმდებიან.
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის ქუჩებში დღეს, საინფორმაციო კამპანია გამართეს და მძღოლებს ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის და შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
​​როგორც “სითი კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. ე.წ. ჭკვიანი კამერების საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირდება. 23023726_1902257003132767_1092794664_n
​მათივე ინფორმაციით, შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე “ჭკვიანი კამერა” მონტაჟდება. ხოლო ​დედაქალაქში ამ დროისთვის დაახლოებით 100 ერთეული ე.წ ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული. კამერების დამონტაჟების სამუშაოები გრძელდება.
​როგორც შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა, ტელეკომპანია “TV პირველის” ეთერში, გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, შსს-ში დაინერგა ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ბაზაზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი ვიდეოანალიტიკური პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საპოლიციო დანაყოფებს ყოველდღიურ საქმიანობაში.
„ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მაქსიმალურ პრიორიტეტს ანიჭებს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. შესაბამისად დაინერგა სანომრე ნიშნის ამომცნობი ვიდეოანალიტიკა, რის საფუძველზეც განვითარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ადმინისტრირების ავტომატური მექანიზმი. შესაბამისად ყველაზე აქტუალური ადმინისტრაციული სამართალდარღვევები რაც ყოველდღიურობაში გვხვდება, როგორიც არის მაგალითად: წითელ შუქნიშანზე გავლა, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება, ან დადგენილი საშუალო სიჩქარის გადაჭარბება, ყველა ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირებას მოახდენს ე.წ ჭკვიანი ვიდეოკამერა“, – განმარტავს გიორგი არსოშვილი.
მისივე განცხადებით, პირველყოვლისა ყველა მძღოლი უნდა იყოს მუდმივად მობილიზებული რომ არ დაარღვიოს მოძრაობის წესები. თუ დარღვევის შემთხვევაში ადგილზე არ იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მის საქმეს ე.წ ჭკვიანი კამერა შეასრულებს და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევს დააფიქსირებს.  არეალში, სადაც განთავსებულია “ჭკვიანი კამერა” ასევე, განთავსდება შესაბამისი საინფორმაციო აბრა, რომელიც მიუთითებს რომ ამ არეალში ხორციელდება საპოლიციო ვიდეოთვალთვალი.

ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაცია დეტალურად იხილეთ მითითებულ ბმულზე:
CITY.KVIRA.GE

კომენტარი