თბილისში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა (ვიდეო) 

თბილისში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა (ვიდეო) 

691
გაზიარება

თბილისის გზებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი და “ჭკვიანი კამერები” დღეიდან, პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევას ამიერიდან ავტომატურ რეჟიმში დააფიქსირებენ.
​როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აცხადებს, ე.წ. ჭკვიანი კამერები ამ დროისთვის მხოლოდ თბილისშია დამონტაჟებული და ისინი პარალელურ რეჟიმში დამონტაჟდება ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში. კამერების მონტაჟი მიმდინარეობს  ქუთაისსა  და  ბათუმში.
მინისტრის მოადგილე მძღოლებს მოუწოდებს იყვნენ ყურადღებით, მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, რადგან პირველი ნოემბრიდან, ვერც ერთი მძღოლი ვეღარ დააღწევს თავს ვიდეოჯარიმას და ვალდებული იქნებიან გადაიხადონ ის, თუ 10 დღის ვადაში არ გაასაჩივრებენ.
“​ე.წ. ჭკვიანი კამერები არის წინგადადგმული ნაბიჯი. მათი დახმარებით შეგვიძლია ნებისმიერი დარღვევა დავაფიქსიროთ. ყველა ამ კამერის წინ განთავსებულია სპეციალური ამომცნობი ნიშანი, რომელიც მიუთითებს რომ კამერას პოლიცია რეალურ დროში აკონტროლებს”,- აცხადებს შალვა ხუციშვილი.
როგორც “სითი კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტავენ, მძღოლს ვიდეოჯარიმა გამოეწერება  შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბების, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობის გამო.
ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.
მათივე ინფორმაციით, ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში – ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი. ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა ერთ წლამდე იზრდება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით: საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით.
ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

კომენტარი