მშველოდა ის, რომ არ ვმალავდი, ვლაპარაკობდი… – ნანა ბიბილაშვილის ბრძოლის წლები

მშველოდა ის, რომ არ ვმალავდი, ვლაპარაკობდი… – ნანა ბიბილაშვილის ბრძოლის წლები

2715
გაზიარება

“კიბოს წინააღმდეგ „სკრინინგ ცენტრში ხალხი რომ მხვდებოდა ყველა მკითხულობდა, ყველა მცნობდა იმით, რომ სულ ფორმაში ვიყავი, ტუჩსაცხის გარეშე არ მივიდოდი“, – ამ სიტყვებით დაიწყო 55 წლის ნანა ბიბილაშვილმა ძუძუს ოპერაციის შემდგომი პერიოდის გახსენება. მასთან საუბრიდან მიხვდებით, რომ დაუძლეველი არაფერია. ნანამ 2014 წელს გადაწყვიტა, რომ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევებზე მეგობრებთან ერთად მისულიყო.
„მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაწუხებდა გადავწყვიტე უფასო გამოკვლევებზე მივსულიყავი, ის თვე ძუძუს კიბოს თვედ იყო გამოცხადებული. ძალიან კარგი გარემო და ყურადღებიანი მედპერსონალი დამხვდა. მახსოვს, როდესაც მამოგრაფიიდან გამოვედი, მითხრეს, რომ ექოსკოპიაც საჭირო იყო, ჩემი მეგობრები დაიზაფრნენ. იმ მომენტში ეს სერიოზულად არ აღვიქვი და მეგობრებს ვუთხარი: „ბავშვებს ძუძუ აღარ სჭირდებათ, მოვიკვეთავ და ეგ იქნება…“
პასუხზე რომ მივედი მაშინ მითხრეს რომ ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. ძალიან მოკლე ვადაში გავიკეთე ოპერაცია“, – იხსენებს ნანა და ამბობს, რომ ოპერაციის დღეს მეუღლის გარდა გვერდით არავინ ჰყოლია.
„ოპერაციაზე რომ მივდიოდი არავის ვუთხარი, არ მიყვარს საავადმყოფოს ჰოლში რომ ელოდებიან. ჩემი მეუღლის მეტი არავინ გამომყოლია, დედაჩემისთვისაც არ დამირეკავს, ოპერაციის შემდეგ შევატყობინე.  თუმცა, ოპერაციას რომ ვიკეთებდი, არავისთვის დამიმალავს”,- ამბობს ნანა.
დიაგნოზის და პოსტოპერაციული პერიოდის გადატანაში ეროვნული სკრინინგ ცენტრის პერსონალი დაეხმარა. დეპრესიის დრო არ იყო, დიაგნოზს მსუბუქად შეხედა, კიბოს ბრძოლა გამოუცხადა და დაამარცხა კიდეც. არც დაავადების სახელის ხსენებას გაურბოდა, მიუხედავად იმისა, ახლობლები სთხოვდნენ, “კიბო” არ ეხსენებინა.  23114719_1976254645723940_2010284672_n
„მშველოდა ის, რომ არ ვმალავდი და ვლაპარაკობდი. კიბო მქონდა და აბა რა სახელი უნდა მეთქვა?“ – ამბობს ნანა ბიბილაშვილი.
პირველი ოპერაციის შემდეგ, ძალიან მალე მეორეც გაიკეთა. ანალიზის პასუხების შემდეგ გაირკვა, რომ სიმსივნე პირველი სტადიის იყო, ექიმების ენაზე რომ ვთქვათ, ქალბატონმა ნანამ დაავადება საუკეთესო დროს აღმოაჩინა.
„რადგან ავთვისებიანი სიმსივნე დადასტურდა, გადაწყდა რომ ლიმფური კვანძები უნდა ამოეღოთ. ოპერაციის დროს ძუძუს დიდ ნაწილს შეეხნენ, თუმცა, მკერდი დამრჩა, ყველა მილოცავდა… მართალია დრენაჟი ქამარზე მქონდა დამაგრებული და არ ჩანდა, მაგრამ ჩემთვის მაინც დისკომფორტი იყო“, – იხსენებს იგი.
შედარებით მძიმე პერიოდი მუსიკამ გადაატანინა, განმარტოვებისას ყურსასმენებს იკეთებდა და საკუთარ ფიქრებს ეძლეოდა და თავს ყველა უარესისთვის ამზადებდა. ამბობს, რომ სიკვდილის არ ეშინია, უბრალოდ არ სურს ტკივილი შეიგრძნოს. ღმერთსაც ამას სთხოვდა, – წამიყვანე, ოღონდ ტკივილი არ განმაცდევინოვო. ყველაზე მეტად თმის გაცვენა აფიქრებდა. ოჯახის წევრებს სთხოვდა, მდგომარეობა თუ გართულდებოდა, გადასხმების გაკეთებას არ დათანხმებულიყვნენ, მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით შეემსუბუქებინათ მისთვის მდგომარეობა.
მეორე ოპერაციის შემდეგ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ნანას ქიმიოთერაპიის კურსი არ დასჭირდა, მან ამ ბრძოლაშიც გაიმარჯვა. დაავადება სხივური თერაპიის ერთ კურსს დაექვემდებარა.
“ადრე თუ გვიან, რაღაცით ხომ უნდა მოკვდე, მაგრამ ამით სიკვდილი არ მინდა… მე ბევრი წელი არ მინდა, ცოტა მინდა და ხარისხიანი“,- გვითხრა ნანამ. ამ ყველაფერს ისეთი ხალისით ჰყვება, იფიქრებ, სხვის ისტორიას ხომ არ იხსენებსო.
ნანა ბიბილაშვილმა სკრინიგ ცენტრის მედპერსონალს, ოპტიმისტური და მებრძოლი განწყობით დაამახსოვრა თავი.
სკრინინგ ცენტრში უკვე მცნობდნენ, რაღაცნაირად თავი დავამახსოვრე მათ. თვითონ ძალიან ყურადღებიანები არიან, სულ უნდათ რომ გასიამოვნონ. კიდევ ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო. ცოტა მაინც თუ დააგვიანე დაგეგმილ ვიზიტზე მისვლა, ცენტრიდან გირეკავენ, გახსენებენ, რომ ვიზიტის დროა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს”, – ამბობს ნანა ბიბილაშვილი და ქალებს მოუწოდებს, დაძლიონ საკუთარ თავში შიში და დროულად ჩაიტარონ გამოკვლევა, მით უმეტეს, როცა უფასოა.
“ზოგი ექიმთან შიშის გამო არ მიდის. უმჯობესია თავიდანვე დაძლიო ეს შიში, ვიდრე დაგვიანებული აღმოჩნდეს. სკრინინგ ცენტრში გამოკვლევა უფასოა, მიდიხარ დიაგნოზს გისვამენ, მეტი რა გინდა ადამიანს?! შეიძლება ითქვას, რომ მოვასწარი, ერთი თვის მერე შესაძლოა დაგვიანებულიც ყოფილიყო, ახლა კი ვაგრძელებ ცხოვრებას. ცოტა უკულტურობაა, როცა ასეთი შანსი გეძლევა და არ გამოიყენებ. კონსულტაციაზე დროულად მისვლამ შესაძლოა, ადამიანს საუკეთესო წლები აჩუქოს“, – მიაჩნია ნანას.  ​
სკრინინგ ცენტრში გეგმიურ კონტროლზე 6 თვეში ერთხელ გადიოდა, ახლა კი ცენტრს პრევენციის მიზნით წელიწადში ერთხელ სტუმრობს.

კომენტარი