თბილისის მეტროსთვის ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების შეძენა იგეგმება

თბილისის მეტროსთვის ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების შეძენა იგეგმება

816
გაზიარება

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მეტროსადგურების სრულად მოდერნიზებას და 50 წლიანი საგარანტიო ვადით ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანას გეგმავს.
კახა კალაძის აზრით, ასევე, საჭიროა დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისთვის ერთიანი დიზაინი შეიქმნა და ამაში მხოლოდ მეტროპოლიტენი არ იგულისხმება.
“მე ვარ ხალხის არჩეული, შესაბამისად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თბილისის ახალარჩეულმა მერმა დღეს, დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტით მგზავრობისას.  მისი შეფასებით, თბილისის მეტროსადგურების რეაბილიტაცია სამი ძირითადი მიმართულებით უნდა წარიმართოს: რეაბილიტაცია ჩაუტარდეს მეტროს ნაგებობას, მოძრავ შემადგენლობებს და განახლდეს სადგურებში არსებული ინფრასტრუქტურა – კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა, საჰაეროები, სახანძრო, წყალსაქაჩები და ა.შ.
“შესაძლოა ვიფიქროთ ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50 წლიანი გარანტია. ყველა ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ მუშაობას. ასევე მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კომპანიის დიზაინი მოვიყვანოთ ერთიან სისტემაში. ეს არ ეხება მხოლოდ მეტროს. ამ მიმართულებითაც დავიწყებთ მუშაობას”,– განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა, რომ მას შემდეგ რაც მერის თანამდებობაზე უფლება-მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მას, კიდევ არაერთხელ იხილავენ.
კახა კალაძემ დღეს თბილისის მეტროპოლიტენით იმგზავრა და მეტროსადგურ “გურამიშვილში” მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კომენტარი