Man -ის 9 ახალი ავტობუსი მარშრუტიდან მოიხსნა

Man -ის 9 ახალი ავტობუსი მარშრუტიდან მოიხსნა

3205
გაზიარება

​დედაქალაქში მოძრავი ახალი ლურჯი ავტობუსებიდან 9 მსუბუქად დაზიანდა, რის გამოც ზოგიერთ მარშრუტს თითო ავტობუსი დააკლდა და მოქალაქეებს დროებით ვერ ემსახურებიან. ამ დროისთვის ავტობუსები ტექნიკურ შემოწმებას გადიან.
​როგორც „სითი კვირას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, 9 ახალ ავტობუსში მცირედი ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, ასევე, რამდენიმე ახალი ავტობუსი მსუბუქად დაზიანდა კერძო ავტომობილებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. დაზიანებული ავტობუსები გადაყვანილია შესაბამის სერვისცენტრში და უტარდებათ ტექნიკური მომსახურეობა, რის შემდეგ დაბრუნდებიან ხაზზე.
“ზოგიერთ მარშრუტს, რომელსაც Man -ის ავტობუსები ემსახურებიან, აკლიათ თითო ავტობუსი. წინა კვირას დაფიქსირდა ამ ავტობუსების მცირედი ტექნიკური ხარვეზი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მსუბუქი დაზიანებით ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, ძირითადად მსუბუქი ავტომობილების მხრიდან. დაზიანდა ფარები და მსგავსი მცირედი დეტალები. ”, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე განმარტებით, ტექნიკური ხარვეზის მიზეზი ავტობუსის მძღოლის არაკვალიფიციურობა არ ყოფილა, რადგან ყველა მძღოლმა, რომლებიც მართავენ ახალ ავტობუსებს, თავად კომპანია Man -ის ინსტრუქტორებმა გადაამზადეს.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსების ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. დედაქალაქში შემოყვანილი 143 ახალი ავტობუსიდან, ამჟამად 123 ავტობუსი 12 სხვადასხვა მარშრუტზე მოძრაობს, დანარჩენი ავტობუსები სარეზერვოა.
აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია Man-ის მიერ, საგანგებოდ თბილისისთვის აწყობილი ლურჯი ავტობუსების პირველი ნაკადი – 10 ავტობუსი 2016 წლის სექტემბერში შემოვიდა თბილისში. ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ავტობუსში შესაძლებელია ჩვილი ბავშვის ეტლის შეტანაც და დაცულია მგზავრთა უსაფრთხოების ყველა ნორმა. 12 მეტრის სიგრძის ავტობუსები, ძირითადად, თბილისის ფართო ქუჩებისა და გრძელი მარშრუტებისთვის არის განკუთვნილი. ავტობუსები მუშაობენ ბუნებრივ აირზე და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა, ერთი მხრივ, დაიზოგოს საწვავის ხარჯები, ხოლო, მეორე მხრივ, გარემოსთვის გაცილებით უსაფრთხო იყოს და მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვი გამოყოს.

კომენტარი