რატომ არ სარგებლობენ მოქალაქეები მიწისქვეშა გადასასვლელებით – საგზაო უსაფრთხოება და რისკები 

რატომ არ სარგებლობენ მოქალაქეები მიწისქვეშა გადასასვლელებით – საგზაო უსაფრთხოება და რისკები 

645
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” წევრი გიორგი ჩუტკერაშვილი აცხადებს, რომ თანამედროვე ქალაქგეგმარება და ურბანული განვითარება, ძირითადად აღარ   ითვალისწინებს ქვეითების, მიწისქვეშა სივრცეში გადანაწილებას, რადგან თანამედროვე და განვითარებული ქალაქები დღესდღეობით საჯარო სივრცეებს, გზას, თანაბრად ანაწილებენ, როგორც ქვეითებზე, ისე  ავტომობილებისთვის, რასაც თბილისში ნაკლებად ვხვდებით.
გიორგი ჩუტკერაშვილის მოსაზრებით, თბილისი ავტომობილებზეა მორგებული და ყოველი ფეხის ნაბიჯზე იზღუდება ქვეითის უფლებები. ხოლო მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული მდგომარეობა ძირითადად  არასახარბიელოა და ამ მხრივ ძირითად პრობლემას ანტისანიტარია, მოუწესრიგებელი სანიაღვრე სისტემა და საზოგადოებრივი საპირფარეშოების არქონა წარმოადგენს.
როგორც “სითი კვირას” გიორგი ჩუტკერაშვილმა განუცხადა, მიზეზი იმისა, თუ ხშირ შემთხვევაში რატომ არ იყენებენ მოქალაქეები მიწისქვეშა გადასასვლელებს, არის ანტისანიტარია. ეს ყველაფერი კი, პირდაპირ კავშირშია საგზაო უსაფრთხოებასთან, რადგან ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპული თუ დაშავებული ადამიანები, რომლებმაც ან მიწისქვეშა გადასასვლელის ზემოდან გადაკვეთეს გზა, ან იმ ხიდების ქვეშ, რომლებიც ქვეითებისთვის არის განკუთვნილი. ამგვარად, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება პირდაპირ უკავშირდება საგზაო უსაფრთხოებას, მათი მოწესრიგებით კი ქალაქი თავიდან აიცილებს გახშირებულ ფატალურ შემთხვევებს.
მისივე ინფორმაციით, ​​თბილისში 55 მიწისქვეშა გადასასვლელი არსებობს და ამათგან 33 გასხვისებულია გარკვეული საიჯარო ხელშეკრულებების საფუძველზე. გასხვისებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში კი ძირითადად განლაგებულია საკვები და სავაჭრო ობიექტები და გარკვეულ წილად იზღუდება ქვეითის სამოძრაო სივრცე.
“ვერ ვიტყვით, რომ მიწისქვეშა სივრცეებში განთავსებულ საკვებ ობიექტებზე დიდი ყურადღება ექცევა სანიტარული ნორმების დაცვას. იმ 22 მიწისქვეშა გადასასვლელში, რომელთა მოვლა-პატრონობა  “თბილსერვის  ჯგუფს” ევალება ხშირად ვხვდებით ანტისანიტარიას, დაზიანებულ და მოპარულ განათების სისტემას, იმისდა მიუხედავათ რომ 2 დღეში ერთხელ ირეცხება და წესრიგდება ეს ნაგებობები”, – აცხადებს იგი.
როგორც შპს “თბილსერვის  ჯგუფში” აცხადებენ, გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს, რაც ართულებს მის ხშირ მორეცხვას. სისტემის მოწყობას  დაახლოებით 300-400 ათასი ლარი სჭირდება. დედაქალაქის ბევრ მიწისქვეშა გადასასვლელში ასევე, არ არსებობს ვიდეოკამერები.
​გიორგი ჩუტკერაშვილის აზრით, ამ ვითარებაში ბევრად მარტივი გამოსავალია მიწისქვეშა გადასასვლელებში ბიო საპირფარეშოების დამონტაჟდეს, რომელთა მოწყობაც გაცილებით იაფი დაჯდება. გარდა ამისა, ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში უნდა დამონტაჟდეს ვიდეოკამერა, რომლებიც ერთიან ბაზაში ჩაირთვება და სისტემურად გაკონტოლდება ისინი. ამგვარად თავიდან ავიცილებთ ვანდალიზმის ფაქტებს და ბევრად უსაფრთხო გახდება გადასასვლელები.
“იმისთვის რომ შევქმნათ თანაბარი პირობები ყველასათვის აუცილებელია აბსოლუტურად ყველა გადასასვლელს დამონტაჟდეს შშმ პირებისთვის განკუთვნილი სპეციალური “ლიფტები” რათა ისარგებლონ ამ გადასასვლელებით. გარკვეულ ადგილებში უკვე მოწყობილია “ლიფტები”, რაც ძალიან კარგია”, – აცხადებს “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” წარმომადგენელი.

კომენტარი