თბილისის მოსახლეობას გაზის გამათბობლებს ბინაზე უფასოდ შეუმოწმებენ  

თბილისის მოსახლეობას გაზის გამათბობლებს ბინაზე უფასოდ შეუმოწმებენ  

1584
გაზიარება

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, თბილისის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ სოციალურ კამპანიას – „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებენ, რომლის ფარგლებშიც, კომპანიის თანამშრომლები დედაქალაქის მოსახლეობას ბინაზე მოემსახურებიან, ბუნებრივ აირზე მომუშავე დანადგარებს შეუმოწმებენ და  კონსულტაციას გაუწევენ.
სოციალური კამპანიის დაწყების შესახებ, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა დღეს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
​მისი თქმით, ზამთრის პერიოდში თბილისში ხშირია მოსახლეობის CO – ით ინტოქსიკაციის, თუ გარდაცვალების შემთხვევები, რის გამოც გადაწყდა, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები დედაქალაქის მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში, სრულიად უფასოდ მოემსახურონ და ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლების ტექნიკური მდგომარეობა შეამოწმონ, ასევე, გაუწიონ საჭირო კონსულტაციები.
“ეს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
სოციალური კამპანიის დეტალებზე, კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მთავარმა ინჟინერმა გიორგი ლეფსვერიძემ ისაუბრა და მოსახლეობას კონკრეტული რეკომენდაციების დაცვა სთხოვა.
მისი ინფორმაციით, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, CO-ით ინტოქსიკაცია დაახლოებით, 350-მა მოქალაქემ მიიღო, 82 ადამიანი კი დაიღუპა. შარშან CO – ით ინტოქსიკაციის 125- შემთხვევა დაფიქსირდა,  რომელთაგან 29 – დაიღუპა.
როგორც გიორგი ლეფსვერიძე აცხადებს, აბონენტთა 40% კომპანიის თანამშრომლების მითითებებს არ ითვალისწინებს და არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარების მოხმარებას განაგრძობენ. კერძოდ, საუბარია ღია წვის კამერიან დანადგარებზე, რომლის გამოყენება “ყაზტრანსგაზში” კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.
კომპანიის მთავარმა ინჟინერმა მოქალაქეებს მოუწოდა, ნებისმიერი დანადგარის შეძენისა და მონტაჟის შემთხვევაში, კომპანიის ცხელ ხაზზე – 2 40 40 04, ან სავარიო სამსახურის ნომერზე – 114 დარეკონ.
„ჩვენი თანამშრომლები ადგილზე უმოკლეს ვადაში მივლენ, მისცემენ შესაბამის მითითებებს და შესაბამის ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, რომელიც ბინას ქირაობს, დაგვირეკოს და შეგვამოწმებინოს ბინაში არსებული გაზის დანადგარები. ჩვენი თანამშრომლები, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში დადიან და მობინადრეებს ამოწმებენ. მოვუწოდებ ჩვენს აბონენტებს, გაითვალისწინონ კომპანიის მითითებები“, – განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მთავარმა ინჟინერმა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კომენტარი