როგორ ემზადება თბილისი ზამთრისთვის – კახა კალაძე ტექნიკური მარილის მარაგით დაინტერესდა

როგორ ემზადება თბილისი ზამთრისთვის – კახა კალაძე ტექნიკური მარილის მარაგით დაინტერესდა

847
გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე, ზამთრის სეზონისთვის მობილიზებული ტექნიკური მარილის ოდენობით, ნაგავშემკრები კონტეინერების და ნაგვის მანქანების ტექნიკური მდგომარეობით დაინტერესდა. ამ მიზნით, დღეს, საამქროში იმყოფებოდა, სადაც დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანების შეკეთება მიმდინარეობს.
თბილისის მერი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. შეხვედრაზე დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ზამთრის სეზონისთვის მზადებაზე, დასუფთავებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
​როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თბილისი ზამთრის სეზონისთვის მზად არის და თოვლიან ამინდებში ავტოტრანსპორტოს დედაქალაქის გზებზე გადაადგილების პრობლემა არ ექნება.
“თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას ინფორმაციით, ზამთრის სეზონისთვის დაახლოებით, 3500 ტონა ტექნიკური მარილია შეძენილი, რომლის შემოტანა ამჟამად მიმდინარეობს, ასევე არის წინა წლის მარაგიც. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
“ვფიქრობთ, რომ ზამთარს შესაბამისად შევხვდებით“, – განაცხადა ლევან ჯღარკავამ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, “თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა ქალაქის დასუფთავებაზე და მზადყოფნა გამოთქვა მერიამ ამისთვის შესაბამისი ტექნიკა შეიძინოს, რათა “თბილისის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს, ხოლო არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, დედა​ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სამშენებლო მტვერის და ტრანსპორტის მავნე გამონაბოლქვის შემცირებას.
„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც კომპლექსურია და მხოლოდ კონკრეტული მიმართულება არ არის. შესაბამისად, მომავალში ტექნიკის შეძენა აუცილებლად დაგვჭირდება”, – განაცხადა მან.

კომენტარი