თბილისის ყველაზე ხალხმრავალი და ძველი უბნები

თბილისის ყველაზე ხალხმრავალი და ძველი უბნები

218
გაზიარება

თბილისის რომელი უბნებია ყველაზე ხალხმრავალი და რა ისტორია აქვს თითოეულ მათგანს.
1. “სამგორი” თბილისის ყველაზე ხალხმრავალი რაიონია 168 801 მკვიდრით. იგი თბილისს 1951 წელს შეუერთდა, როდესაც მდინარე ივრის წყალი, სამგორის არხით თბილისისკენ გამოუშვეს და ე.წ “თბილისის ზღვა” შეიქმნა.
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცხოვრობდა ცალხელა მოხუცი, რომელსაც ქალაქისათვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, რისთვისაც მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისაგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროო ძმა სვეტზე ავარდა ჩირაღდნით, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა და ძირს ჩამოაგდო, ახლა მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე ჭაბუკმა მოასწრო და ქალაქში შველი აფრინა წერილით კისერზე.
ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი დაბრუნდა და თავისი ძმობილები რომ უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცალკე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ აქ მოდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.
2. “გლდანის” მოსახლეობა 164 229 ადამიანს შეადგენს. რაიონის შესახებ ისტორიული მონაცემები მე-15 საუკუნიდან არსებობს! ამ პერიოდში მისი ნაწილი კახეთის, ხოლო ნაწილი “სვეტიცხოვლის მონასტრის” საკუთრება იყო. ისტორიული მოვლენების ცვლილებასთან ერთად, ცხადია, გლდანმა სახეცვლილება განიცადა და მისი რვა მიკრო-რაიონი სოფელ გლდანთან ერთად, ახლა დედაქალაქის შემადგენლობაშია.
3. “ნაძალადევის” მოსახლეობა 161 088 მკვიდრს შეადგენს. ალბათ, გაინტერესებთ, საიდან მოდის ეს სახელწოდება? საქმე იმაშია, რომ თბილისსა და ფოთს შორის, 1872 წელ,ს რკინიგზის გახსნის შემდეგ, დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო და რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად მიწებს უნებართვოდ იკავებდა და სახლდებოდა, ახალმა უბანმაც შესაბამისი სახელწოდება, – „ნაძალადევი“ მიიღო.
4. “საბურთალოზე” 151 060 მოსახლე ცხოვრობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, რაიონმა განვითარება XI-XIII საუკუნეებში დაიწყო, XVII-XVIII საუკუნეებში ვერეს ფარგლებში შედიოდა, ხოლო 1917 წლიდან უშუალოდ დედაქალაქის ნაწილი გახდა.
საბურთალო – ეს ადგილი სწორი, ვაკე ადგილია. თამარ მეფის დროს ქართველი მეომრები აქ ხშირად მოდიოდნენ და ბურთაობდნენ ხოლმე. ამიტომ ამ ადგილს „საბურთაო“ ადგილი უწოდეს. შემდგომში სახელწოდება ცოტათი შეიცვალა და ახლა „საბურთალოს“ ვეძახით.
5. “ისანი” მოსახლეობის სიმრავლით, თბილისის რაიონებს შორის, მე-4 ადგილს იკავებს, რადგან აქ 137 588 პირი ცხოვრობს. “ისანი” ისტორიული ბანია, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და წყაროებში პირველად XI საუკუნეშია მოხსენიებული. აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეების ბოლოს “ისნის” სახელწოდება “მეტეხი” გახლდათ.
​ისანი – XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვიტკირის გალავნებითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო მას არაბულად „ჰისნი“, ანუ ისანი უწოდეს. ქართულად „ციხესიმაგრეს“ ნიშნავს.
6. “ვაკეში” ამჟამად 113 215 მოქალაქე ცხოვრობს. რაიონში ურბანული სამუშაოები გამუდმებით მიმდინარეობს. მშენებლობა, ქუჩების შევიწროება და გადატვირთული მოძრაობა, ბოლო პერიოდში მოსახლეობის მუდმივი უკმაყოფილების საგანია. სახელწოდება “ვაკე” XIX საუკუნეში გაჩნდა, თბილისს კი 1906 წლის იანვარში შემოუერთდა, მანამდე უბანი თბილისის ცენტრს მხოლოდ მელიქიშვილის ქუჩით უკავშირდებოდა.
7. “ჩუღურეთში” 78 060 ადამიანი ცხოვრობს. ის თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია და წყაროებში პირველად, 1707 წელს “სოფელ ჩუხურის” სახელით იხსენიება. უბანი ქალაქს 1824 წლიდან შეუერთდა.24067947_1672697039461995_9091254506732709586_n
8. “დიდუბეც” ქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბანია, 73 227 მკვიდრით. უბანი თბილისს 1870-იანი წლებიდან შეუერთდა, მისი თავდაპირველი სახელწოდება “ცხენის ტერფი” იყო (მეხუთე საუკუნე), შემდეგ კი “დიდი დუბე” -დიდი ვაკე, სწორი, დაცემული ადგილი ეწოდა.
9. “მთაწმინდაზე” 61 194 მოქალაქეა დასახლებული. ის თბილისის ისტორიული უბანია, რომელიც ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. “მთაწმინდაზე” გაშენებულია უძველესი უბანი “სოლოლაკი,” რომელსაც “სოლოლაკის ქედის” დასავლეთ და “მთაწმნდის ქედის” სამხრეთ კალთებს შორის მდებარე ტერიტორია, ასევე “კოჯრის,” “ასათიანის,” “ამაღლების,” “ჭონქაძისა” და “ლეონიძის” ქუჩები უკავია.
10. “კრწანისი” 56 734 მოქალაქითაა დასახლებული. უბანი ფეოდალურ ხანაში სოფელი გახლდათ და წყაროებში პირველად XIV საუკუნეში, საკათალიკოსო სოფლად იხსენიება. ის ისტორიულ დატვირთვას ატარებს, რადგან “კრწანისის” ველზე 1795 წელს სპარსეთისა და ქართლ-კახეთის ლაშქარს შორის ბრძოლა გაიმართა.
სოლოლაკი – იგივე სალალაკი. „ციხის ბაღის“ მოსარწყავად არაბების ბატონობის ხანაში აღუდგენიათ სარწყავი არხი (არაბულად „სულუ-ლაჰ“). მოგვიანებით სულულაჰ ეწოდა მთის კალთას, რომელზეც ეს უბანია გაშენებული. XIX საუკუნიდან ასე დაერქვა თავად უბანს. ადრე მას „ავანაანთხევი“ ერქვა და აქ ქართველ დიდებულთა ბაღები იყო გაშენებული.
ჩუღურეთი – მომდინარეობს თურქული სიტყვიდან „ჩუქორ“, რაც ქართულად ხევს, ფერდობს ნიშნავს. ამ ადგილს სამი მხრიდან სწორედ ხევი ერტყა.
აბანოთუბანი – თბილისის სამკურნალო თბილი წყლები ყოველთვის განთქმული იყო. აქ საგანგებოდ ააგეს აბანოები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. იმ უბანს, სადაც ისინი მდებარეობს „აბანოთუბანი“ ეწოდება.
ავლაბარი – გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ. იგი სასწრაფოდ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისაკენ გაემართნენ. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. მხლებლებმა დაამშვიდეს: აი, აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო. მართლაც, აღმართი რომ აათავეს, ბარი გამოჩნდა. ამის შემდეგ ამ ადგილს ავლაბარი უწოდეს.
არის სხვა ვარაუდიც. ფიქრობენ, რომ სიტყვა „ავლაბარი“ მე-14 საუკუნიდან მოდის. არაბულად „ჰავალი“ ნიშნავს „მიდამოს“, „ბირ“ – „სასახლეს“, ე.ი. „ავლაბარი“ სასახლის მიდამოს ნიშნავს. ამ უბანში მდებარეობდა მეფის სასახლე.
დიდუბე – წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი უბე“, ე.ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. დიდუბე თბილისის განაპირა ადგილის სახელად პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის შემდეგ აქ გამართულ ზეიმს აღგვიწერს. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია.
ვარკეთილიმომდინარებს სახელწოდებიდან „ველიკეთილი“. ასე ერქვა ამ ადგილს უწინ.
მთაწმინდა – შეერქვა წმიდა დავით გარეჯელის პატივად, რომელიც ამ ადგილას რამდენიმე წელიწადი მოღვაწეობდა, სანამ გარეჯის უდაბნოს მიაშურებდა.
ნავთლუღი – თურქულად „ნავთის ადგილს“ ნიშნავს. ამ ადგილებში მოიპოვებდნენ ნავთს, თუმცა მცირე რაოდენობით.
ნარიყალა – სპარსული წარმოშობის სიტყვაა. „ნარინ ყალა“ ქართულად „შიდაციხეს“ ნიშნავს.
წყარო: ფეისბუქჯგუფი “თბილისური ამარკორდი”

კომენტარი