თბილისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირებას კახა კალაძე პირადად გააკონტროლებს 

თბილისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირებას კახა კალაძე პირადად გააკონტროლებს 

262
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედაქალაქის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხზე მომუშავე სამსახური, ე.წ. ზონალური საბჭო და თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი, კიდევ 19 კომისია გაუქმდება.
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით.
საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო.
​როგორც მან თბილისი მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ე.წ ზონალური საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება მან იმ სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში მიიღო, რომელთა გატარებასაც ის მერიაში გეგმავს.
“დაწყებული გვაქვს სტრუქტურული რეფორმა, რომელიც რასაკვირველია ითვალისწინებს ურბანული პოლიტიკის მიმართულებასა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციურ გარდაქმნას. პროცესის დასრულებამდე კი ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები ჩემი პირადი კონტროლით განახორციელებენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი, ე.წ ზონალური საბჭოს გაუქმების ინიციატივით  შესაბამის ორგანოებს უახლოეს დღეებში მიმართავს. ბიუროკრატიის შემცირების, გადაწყვეტილებების დროულად მიღებისა და ეფექტიანი მუშაობის  მიზნით, თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი კიდევ 19 კომისია გაუქმდება.
კახა კალაძის განმარტებით, ამ მიზნით, ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით ეფექტიანად და ნაკლებ დროში მიიღებენ.

კომენტარი