“ზონალური საბჭოს” გაუქმება თბილისის ევროპული მოდელით განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი – ზურაბ ბაქრაძე​

“ზონალური საბჭოს” გაუქმება თბილისის ევროპული მოდელით განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი – ზურაბ ბაქრაძე​

442
გაზიარება

​ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე, დადებითად აფასებს ე.წ. ზონალური საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით თბილისის ახალი მერის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს არის აუცილებელი ნაბიჯი ქალაქგანვითარების ევროპულ ყაიდაზე გადასაყვანად.
ზურაბ ბაქრაძე იმედოვნებს, რომ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხზე მომუშავე სამსახურის გაუქმებას, თან ქალაქგანვითარების მართვის აღმასრულებელი სისტემის შემდგომი ცვლილებები მოჰყვება.
“ზონალური საბჭოს გაუქმება, ეს არის ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა, თუ ამას მოჰყვება სხვა სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც მთლიანად მიმართული იქნება ქალაქგანვითარების მართვის აღმასრულებელი სისტემის პოზიტიური შეცვლისკენ“, – ამბობს ბაქრაძე.
​მისივე განმარტებით, ევროპული მოდელი გულისხმობს იმას, რომ კანონები და კანონქვემდებარე აქტები ქალაქგანვითარების სფეროში საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ე.ი მერიამ მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში. „ამდენად საბჭო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ტერიტორიების გამოყენების და პარამეტრების დადგენასთან დაკავშირებით ზედმეტია”, – აცხადებს იგი.
ზურაბ ბაქრაძის თქმით, ასეთი ტიპის საბჭოები ევროპაში, მხოლოდ ნაგებობათა ესთეტიური ასპექტების გადასაწყვეტად არსებობს და მათაც, მხოლოდ საკონსულტაციო ფუნქცია აქვთ. ქალაქის განაშენიანება არ უნდა წარიმართოს კერძო პირთა მონაწილეობით, რომლებიც თავად არიან ჩართულები სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობაში და შესაძლოა კერძო ინტერესის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ. თუმცა, მეორე მხრივ, არც ის იქნება სწორი, რომ საბჭო სხვა სამსახურების და უწყებების საჯარო მოხელეებისგან დაკომპლექტდეს, რადგან ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მსახურობენ, თავის საქმეს აკეთებენ და არ უნდა ერეოდნენ ქალაქგანვითარების სამსახურის მოვალეობაში. “ამ უკანასკნელის საქმიანობას კი შესაბამისი კანონები და კანონქვემდებარე აქტები უნდა არეგულირებდეს”, – აცხადებს ზურაბ ბაქრაძე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, დედაქალაქის დაქვემდებარებაში არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხზე მომუშავე სამსახური, ე.წ. ზონალური საბჭო და თბილისის მთავრობის მიერ შექმნილი, კიდევ 19 კომისიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე წლების განმავლობაში მიიღებოდა გადაწყვეტილებები კონკრეტული განაშენიანების რეგულირების გეგმების დამტკიცებისა და კოეფიციენტების მატებასთან დაკავშირებით.
​როგორც მან თბილისი მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ე.წ ზონალური საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილება მან იმ სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში მიიღო, რომელთა გატარებასაც ის მერიაში გეგმავს.
მერიაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმის დასრულებამდე, ე.წ. ზონალური საბჭოს ფუნქციებს დროებით, მერიის შესაბამისი სამსახურები კახა კალაძის პირადი კონტროლის საფუძველზე განახორციელებენ.

კომენტარი