თბილისის რუსთაველის გამზირს “ლაღიძის წყლები” დაუბრუნდება 

თბილისის რუსთაველის გამზირს “ლაღიძის წყლები” დაუბრუნდება 

4304
გაზიარება

თბილისის რუსთაველის გამზირზე შესაძლოა “ლაღიძის წყლები” და დედაქალაქის ძირძველი მცხოვრებლებისთვის ცნობილი სახაჭაპურე კვლავ გაიხსნას.
ობიექტი, სადაც გასულ საუკუნეში ცნობილი “ლაღიძის წყლები” ფუნქციონირებდა, ამჟამად გასხვისებულია. ობიექტის ბიზნესის უფლებების სრული დაცვით გამოსყიდვისა და რუსთაველის გამზირზე “ლაღიძის წყლებისა” და სახაჭაპურეს დაბრუნების დავალება, თბილისის მერმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ღირსშესანიშნაობა დედაქალაქს დაუბრუნდეს, რადგან მიაჩნია, რომ ზუსტად ასეთი შენობა-ნაგებობებით თბილისი ძალიან მალე გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი.
„ მოხარული ვარ, რომ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ზუსტად ასეთი შენობა-ნაგებობებით თბილისი ძალიან მალე გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი. დედაქალაქის მერიისა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური თანადგომა იქნება, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამ თემაზე რუსთაველის გამზირზე ახალი სავაჭრო ცენტრის, „გალერია თბილისის“ გახსნაზე ისაუბრა: “ვისურვებდი, განახლებულიყო „ლაღიძის წყლები“ და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა. მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და, რა თქმა უნდა, არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს „ლაღიძის წყლებთან“, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”.
230538216

კომენტარი