​RMG-ს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

​RMG-ს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

37
გაზიარება

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და კომპანია RMG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი კომპანია RMG-ს სათაო ოფისში კომპანია RMG, აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია საქართველოს სამთო-გეოლოგიური და ქიმიურ-ტექნოლოგიური სფეროს განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულის საფუძველზე, მხარეთა შორის არსებული თანამშრომლობის მასშტაბი იზრდება. კომპანია RMG-სთვის საწარმოო პროცესის მოდერნიზაციის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, პრიორიტეტულია ახალგაზრდა პროფესიონალების და დარგის სპეციალისტების აღზრდის ხელშეწყობა. აღნიშნული სფეროს სამეცნიერო-ტექნიკური და საგანმანათლებლო საფუძვლების შესაქმნელად RMG, კომპანიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, სტუდენტების საგანმანათლებლო პროგრამას აფართოებს. თავის მხრივ, დარგის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას დაეხმაროს კომპანიას შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადებასა და გადამზადებაში.
​როგორც ჯონი შუბითიძემ განაცხადა, სასურველია სხვა კოპმანიებმა და კორპორაციებმა გაითვალისწინონ, რომ აუცილებელია მათი თანამშრომლობა უმაღლეს სასწავლებლებთან და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენონ, რათა წყვეტა არ იყოს კადრების.
„კომპანიას აქვს სერიოზული გეგმები მადნის მოპოვების მასშტაბებთან დაკავშირებით, შესაბამისად კომპანიის პერსპექტივა და ხვალინდელი დღე წარმოუდგენელია შესაბამისი კადრების არქონის პირობებში. ამდენად ტექნიკურ უნივერსიტეტთან გავაფორმეთ მემორანდუმი სტუდენტების პრაქტიკაზე წაყვანის, სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნის, სტაჟირების გავლის და წარმატებული სტუდენტების ჩვენ წარმოებაში დასაქმების თაობაზე“, – განაცხადა ჯონი შუბითიძემ.
​მისივე თქმით, არ არის აუცილებელი შესაბამისი კადრების მოძიება მხოლოდ საზღვარგარეთ დაიწყონ, არამედ შესაძლებელია საქართველოში, ამისთვის საჭიროა ამ კუთხით ხელშეწყობა ჰქონდეთ სტუდენტებს.
​არჩილ ფრანგიშვილის განმარტებით, მემორანდუმი, რომელიც კომპანია RMG-ს და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა, მოიცავს საკითხთა მთელ სპექტრს, ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის არის ის რომ RMG ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას ლაბორატორიების ტექნოლოგიურ გადაიარაღებაში ეს არის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და ქიმიური ფაკულტეტის ლაბორატორიები. გარდა ამისა, იქნება სახელობითი სტიპენდიები RMG ჯგუფის, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას და სტაჟირებას იმ სივრცეში რასაც RMG ჯგუფი წარმოადგენს.
„ეს კომპლექსურად არის სასწავლო პროცესის ქვაკუთხედი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის რომ,  სწავლების გარდა, მივიღებთ მონაწილეობას ერთობლივ კვლევებში და ჩვენს ბაზაზე შევქმნით საექსპერტო ლაბორატორიებს, რომელიც მოემსახურება ასევე RMG ჯგუფს“, – აცხადებს ფრანგიშვილი.

კომენტარი