ვისაც გული შესტკივა თავის უბანზე, ეზოზე, სადარბაზოზე, აზრის გამოხატვის საშუალება უნდა მიეცეს...

ვისაც გული შესტკივა თავის უბანზე, ეზოზე, სადარბაზოზე, აზრის გამოხატვის საშუალება უნდა მიეცეს – ნინო ლაცაბიძე

1900
გაზიარება

მოსახლეობის პრობლემების კიდევ უფრო ეფექტიანად და სწრაფად მოგვარების, ასევე თბილისელებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტში ცვლილებები განხორციელდა.
როგორც საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე აღინიშნა, მოსახლეობასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში აქტიური ჩართულობა ოლქში არსებული პრობლემების პრიორიტეტების განსაზღვრას შეუწყობს ხელს, რაც მაჟორიტარს ბევრად უფრო ეფექტიანი და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.
საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, რეგლამენტში არსებული სახელწოდება – მაჟორიტარის ოფისი მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლობით იცვლება. თანამშრომლები კი, ღია და გამჭვირვალე კონკურსით შეირჩევიან. რა პრობლემები არსებობდა აქამდე, რატომ გახდა საჭირო ამ გადაწყვეტილების მიღება და იქნება თუ არა ეს ცვლილებები მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული, ამის შესახებ „სითი კვირას“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ესაუბრა.

– რეგლამენტში არსებული სახელწოდება მაჟორიტარის ოფისი მაჟორიტარის წევრის წარმომადგენლობით იცვლება, რას ითვალისწინებს ეს ცვლილება?

– ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც შევიმუშავეთ მოსახლეობისგან მიღებული წინასაარჩევნო დაკვეთის საფუძველზე. მოსახლეობა ხშირად გვეუბნებოდა, რომ უნდოდათ უფრო ქმედითი, უფრო ეფექტიანი, უფრო გამჭვირვალე წარმომადგენლობები მათ ოლქებში, რომ მაჟორიტარს ჰქონოდა უფრო აქტიური მუშაობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე ვიმუშავეთ და შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები ამ მიმართულებით. ეს არ გულისხმობს რა თქმა უნდა მხოლოდ სახელწოდების შეცვლას, სახელის იქით არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს მაჟორიტარის უფრო აქტიურ მუშაობას მის სამაჟორიტარო ოლქში, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი კიდევ ერთ-ერთი მიზანი იყო საზოგადოების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა. ჩემის აზრით, სწორედ წარმომადგენლობები შეუწყობს ხელს, რომ ჩვენს ოლქებში გავზარდოთ საზოგადოების ჩართულობა. გვინდა, რომ აზრის გამოხატვის საშუალება მიეცეს ნებისმიერი მოქალაქეს, ნებისმიერ ჩვენს თანამოაზრეს, რომელსაც გული შესტკივა მის უბანზე, მის ეზოზე, მის სადარბაზოზე. ამის საშუალება მათ სწორედ წარმომადგენლობებში ექნებათ. მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთი რაიონის მცხოვრებლებს, სულ მცირე სამ თვეში ერთხელ უნდა შეხვდნენ გაფართოებული მასშტაბით. რა თქმა უნდა მაჟორიტარები ძალიან აქტიურად განაგრძობენ რიგგარეშე შეხვედრებსაც. ეს ნიშნავს იმას, რომ სწორედ მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა შეხვედრაზე ნებისმიერი საკითხი დააყენონ, იმსჯელონ ამ საკითხის გადაწყვეტის გზებზე, რის შემდეგაც შედგება ოქმი და სარეკომენდაციო სახით გაეგზავნება შესაბამის სამსახურებს, შესაბამის სტრუქტურებს. ამ ყველაფერში სიახლე არის ის, რომ წარმომადგენლობები დაკომპლექტდება უკვე კანონის შესაბამისად. ნებისმიერი თანამშრომელი რომელიც იმუშავებს წარმომადგელობებში გაივლის კონკურსს.

– რა კონკურსზე საუბარი, რა პროფესიის ადამიანს შეუძლია მიიღონ მასში მონაწილეობა და რა ფორმით?

-ძალიან მალე გამოცხადდება კონკურსები. კონკურსი იქნება საკვალიფიკაციო მოთხოვნები სხვადასხვა პოზიციაზე. შესაბამისი პროცედურების გავლით, რაც აქამდე არ ყოფილა. ჩვენი წარმომადგენლობები ამ მხრივ ბევრად გამჭვირვალე იქნება. ხშირად გვესმოდა პრეტენზიები, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ოფისში სამუშაოდ პირი ვინმეს პირადი სიმპატიის მიხედვით აჰყავდათ. ამჯერად, ესენი იქნებიან იმ კვალიფიკაციის შესაბამისად შერჩეული კადრები, რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც ექნება საკრებულოს.

– დღემდე რა პრინციპით მიმდინარეობდა თანამშრომლების შერჩევა?

-როგორც მე მაქვს ინფორმაცია, აქამდე მაჟორიტარი საკრებულოს წარუდგენდა ამა თუ იმ თანამშრომლის კანდიდატურას და შემდეგ უფორმებდნენ ხელშეკრულებას.

– ძირითადად რა მოთხოვნებს უყენებს მოსახლეობა თავისი რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს? 

– რა თქმა უნდა მაჟორიტარები აქამდეც მუშაობდნენ, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია საკუთარ ამომრჩეველთან, მაგრამ ამ წარმომადგენლობებით, ამ ცვლილებებით ჩვენ გვინდა, მათი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს და რაც მთავრია, ეს ყველაფერი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ბოლომდე უნდა მიჰყვეს თითოეული მოქალაქის პრობლემას.

-საუბარია იმაზე რომ ამ ცვლილების ფარგლებში, წარმომადგენლობების მუშაობის ერთიანი სტილი უნდა შემუშავდეს, ეს ხომ არ შეუშლის ხელს ცალკეული მაჟორიტარების თვითშემოქმედებას, რადგან ყველა რაიონს განსხვავებული პრობლემები აქვს.

-არანაირად. ერთიანი სტანდარტი იქნება წარმომადგენლობებში. ჩვენ ვგულისხმობთ რომ ელექტრონული სისტემები დაინერგება თანაბრად. ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს უკვე საქმის წარმოების გამარტივებას. მათ მარტივი კომუნიკაცია ექნებათ სხვადასხვა სტრუქტურებთან. რაიონები იმუშავებენ იმ კონკრეტულ პრობლემებზე რა პრობლემებიც აწუხებთ მათ რაიონში მოსახლეობას.

-წინასაარჩევნო პერიოდში ისნის რაიონის მოსახლეობაში ძირითადად რა პრობლემები გამოიკვეთა?  

-ისნის მაგალითზე მე შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად ჰქონდათ  მაჟორიტართან  კომუნიკაციის პრობლემა.  ხშირად მეუბნებოდნენ რომ მათ გაუხარდებოდათ თუ უფრო აქტიურად ვიქნებოდით  კომუნიკაციაში. ჩვენი პირველი დანაპირების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია ეს ცვლილებები. რა თქმა უნდა მოსახლეობას ბევრი სოციალური პრობლემა აწუხებს, ჯერ კიდევ არსებობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რასაც ეტაპობრივად მოვაგვარებთ. მე, როგორც მაჟორიტარს, ამ პრობლემების მოგვარების ოთხწლიანი ხედვა მექნება, თუ როგორ და რა ფორმით უნდა ჩავერთო მათი მოგვარების პროცესში და მოსახლეობასთან ერთად, როგორ უნდა გადავამოწმოთ, ან როგორ უნდა გავაკონტროლოთ ის სამუშაოები, რა სამუშაოებსაც უკვე მერია და გამგეობა, ერთობლივად განახორციელებენ.

ესაუბრა თამარ შელია

კომენტარი