თბილისის მერი, ბიუჯეტიდან თითოეული ლარის დახარჯვის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავად წარუდგენს

თბილისის მერი, ბიუჯეტიდან თითოეული ლარის დახარჯვის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავად წარუდგენს

87
გაზიარება

თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან თითოეული ლარის დახარჯვის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას თავად წარუდგენს.
დედაქალაქის მერმა კონფერენციაში – „ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ დონეზე:- სტრატეგიები და მექანიზმებში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც ისაუბრა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქის აქტიურ მონაწილეობაზე და ქალაქის სწორად და ეფექტიანად განვითარებისთვის გამჭვირვალე მმართველობის აუცილებლობაზე.
„თბილისში მუნიციპალური მომსახურების პროცესი ღიაა. შესყიდვები სრულად გამჭვირვალედ ხორციელდება. მიწოდებული მომსახურებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მოქალაქის მიერ და პასუხის გასაცემად მუნიციპალიტეტს მკაცრი ვადები აქვს დაწესებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
​მისივე თქმით, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მმართველობის მიმართულებით საქართველოს პროგრესი აღსანიშნავია, თუმცა ამ კუთხით გაუმჯობესების შესაძლებლობა კვლავაც არსებობს. ადგილობრივ დონეზე ამ პროგრესის ერთ-ერთი ნაწილი საკანონმდებლო რეფორმა იყო, კერძოდ, 2015 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად,  მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, საჯაროდ სავალდებულო გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა.
ღონისძიება ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ეგიდით, „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან“ პარტნიორობით ჩატარდა, რომლის მიზანია რეგიონში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული რეფორმების გაუმჯობესებისათვის, ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხის გაღრმავება.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის მერმა პირისპირ შეხვედრა ევროპის საბჭოს „ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის“ გენერალურ მდივან ანდრეას კიფერთან გამართა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კონფერენცია 6 და 7 დეკემბერს იმართება და მასში აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კომენტარი