თბილისში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება

თბილისში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება

44
გაზიარება

​თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება, ხოლო ​ყველა ის დეველოპერი, რომელიც დადგენილ წესებს არ დაიცავს, კანონის წინაშე სათანადოდ აგებს პასუხს.
​კახა კალაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო კომპანია არ გაითვალისწინებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებებს, სამსახურს აქვს შესაძლებლობა, მშენებლობა გააჩეროს. მან თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი ბაგრატიონს მიმართა, ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გააკონტროლოს.
​როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირია  მშენებლობების მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურმა დაახლოებით, 100-ზე მეტ მშენებარე ობიექტს მისცა სიტყვიერი გაფრთხილება და 50 მშენებარე ობიექტზე საქმის წარმოება და ჯარიმების გამოწერა უკვე დაიწყო.
“ძალიან სამწუხაროა ის, რაც მშენებლობებზე ხდება. ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უმკაცრესად გააკონტროლებს დედაქალაქში არსებულ ყველა მშენებარე ობიექტზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
​მისივე თქმით, საგანგაშოა სტატისტიკა, რაც მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევების შედეგად დამდგარ ფატალურ შემთხვევებს უკავშირდება. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებარე ობიექტებზე ყოველგვარი დაზღვევისა და დაცვის გარეშე მუშაობენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
თბილისის მერი დეველოპერებს მოუწოდებს დაიცვან საქართველოს მთავრობის N361-ე და N477-ე დადგენილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის წინაში მოუწევთ სამართლიანად პასუხისგება.
„თუ ზედამხედველობის სამსახურის მითითებები არ იქნება გათვალისწინებული, თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მშენებლობები გააჩეროთ. ამიტომ, ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, როდესაც საქმე ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეს ეხება. ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ის საკითხია, რაზეც თბილისის მერია ძალიან პრინციპული, მკაცრი და ამასთანავე, ძალიან მომთხოვნიც იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი