“მიწისქვეშა გადასასვლელი ხშირად, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს” – რას ფიქრობენ სტუდენტები  

“მიწისქვეშა გადასასვლელი ხშირად, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს” – რას ფიქრობენ სტუდენტები  

212
გაზიარება

თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებს მოქალაქეები ხშირად, ან ანტისანიტარიის გამო არიდებენ თავს, ან უსაფრთხოების თვალსაზრისით. ქუჩის გადაკვეთისას მიწისქვეშა სივრცეს ქვეითების მცირე ნაწილი იყენებს.
​როგორც „სითი კვირას“ სტუდენტებმა განუცხადეს, დედაქალაქის მიწისქვეშა სივრცეებით აქტიურად ვერ სარგებლობენ, რადგან ზოგ ადგილას მიწისქვეშა გადასასვლელი მათთვის საშიშროებას წარმოადგენს.
„მიწისქვეშა გადასასვლელებში პირველ რიგში სისუფთავეა მოსაწესრიგებელი, მეტი განათება უნდა იყოს. მაგალითად ბარათაშვილის ხიდზე, ზოგჯერ განათება არ არის. ვფიქრობ რომ ხშირ შემთხვევაში მიწისქვეშა გადასასვლელის გამოყენება, უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ზებრა გადასასვლელები“, – განაცხადა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელით სტუდენტები აქტიურად სარგებლობენ, თუმცა, მათი თქმით, ჯიხურებისა და სხვადასხვა ობიექტების არსებობა  ქვეითის მოძრაობას ზღუდავს, რადგან ობიექტის გახსნასთან ერთად ვიწროვდება სამოძრაო არეალიც, რაც ფეხით მოსიარულეთათვის არაკომფორტულია.
სტუდენტების ნაწილს მოსწონს თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ  მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა ახალგაზრდებს „გრაფიტით“ შეეძლებათ.
„მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა მრავალფეროვანს ხდის მიწისქვეშა სივრცეს, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვის”, – განაცხადა “სითი კვირასთან” საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა.
დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისის რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელში მორეცხვით სამუშაოებს  შპს „თბილსერვის ჯგუფი“ აწარმოებს. როგორც დედაქალაქის მერი აცხადებს, მიწისქვეშა სივრცის მოხატვა, უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და სხვადასხვა გადასასვლელები ეტაპობრივად მოიხატება.
ავტორი: მაია გოლეთიანი

კომენტარი