14 მლნ ლარი მეტროს, 46 მლნ – ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეკონსტრუქციას...

14 მლნ ლარი მეტროს, 46 მლნ – ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეკონსტრუქციას მოხმარდება 

156
გაზიარება

თბილისის 2018 წლის გაზრდილი ბიუჯეტიდან 14 მლნ ლარი დედაქალაქის მეტროპოლიტენის ვაგონების მოდერნიზება-რეკონსტრუქციას მოხმარდება, დარჩენილი 46 მლნ ლარი კი, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვაგონების მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, ამით ხელს შეუწყობენ მოქალაქეების კომფორტულად მგზავრობას და შესაბამისად, მოცდის ინტერვალების შემცირებას, რაც დღეს მგზავრებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
მისივე თქმით, 60 მილიონი ლარიდან, რომელსაც თბილისის მერიის ბიუჯეტი ფინანსთა სამინისტროსგან ტრანსფერით მიიღებს, 14 მლნ ლარი, სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების მიზნით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში აღნიშნული თანხა წელსვე აისახება. გარდა ამისა, მომავალ წელს 55 მლნ ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
„2018 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის შეცვლილი შიდა ხარჯები. წარდგენილ ბიუჯეტთან შედარებით, რომელიც 282 მლნ ლარს შეადგენდა, 55 მლნ ლარით იზრდება ინფრასტრუქტურული ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წელს დედაქალაქში 55 მლნ ლარით მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება”, – აცხადებს კახა კალაძე.
მისივე ინფორმაციით, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება გამწვანების ღონისძიებებისკენ მიმართული თანხებიც. კერძოდ, თუ მწვანე ინფრასტრუქტურაზე მიმართული თანხები 2017 წელს 2 900 000 ლარს შეადგენდა, მომავალი წლისთვის, საკრებულოსთვის წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში ეს თანხა 9 მლნ ლარამდე გაიზრდება.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი საკრებულოს მიმდინარე კვირის ბოლოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეგზავნება.
თბილისის მერმა, 2018 წლის ბიუჯეტის 60 მლნ ლარით გაზრდისთვის პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და განაცხადა, რომ 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. კერძოდ, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ორი დამატებითი პროგრამა: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

კომენტარი