თბილისის მთავარი ნაძვის ხის განათებას კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრება

თბილისის მთავარი ნაძვის ხის განათებას კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრება

567
გაზიარება

დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად უმასპინძლებს. თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას გორის ქალთა გუნდი, სიმღერით „შედრიკ“ გახსნის. მთავარი ნაძვის ხე წელს ქართული მანებით, სპეციალურად დამზადებული სათამაშოებით მოირთვება.

როგორც „სითი კვირას“ თბილისის მერიაში განუცხადეს, 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით თბილისი ნამდვილ საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. ძირითად ღონისძიებებს კი სამი სხვადასხვა ლოკაცია უმასპინძლებს – გლდანი, ვარკეთილი და ძველი თბილისი. გალა-კონცერტი, რომლის რეჟისორებიც დავით დოიაშვილი და ბასა ფოცხიშვილი არიან სამ სცენას მოიცავს. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი რუსა მორჩილაძე, მხატვარი კი თამარ ფოცხიშვილია.

„თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს ქართული მანებით, სპეციალურად დამზადებული სათამაშოებით მოირთვება და 15 დეკემბერს აინთება. ტერიტორიაზე, ასევე, მოეწყობა საციგურაო მოედანი, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის იქნება უფასო. ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას გორის ქალთა გუნდი, ყველასათვის საყვარელი სიმღერით „შედრიკ“ გახსნის და, ასევე, მათთან ერთად იმღერებენ გორის, ვანო მურადელის სამუსიკო სკოლის ბავშვები, რომლებიც საახალწლო პოპურს შეასრულებენ”, – განმარტავენ მერიაში.

მერიის ინფორმაციით, გარდა ამისა, დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი მოეწყობა, სადაც სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. აქვე იქნება კიდევ ერთი საციგურაო მოედანი და კინოთეატრი ღია ცის ქვეშ. ტერიტორიაზე მოეწყობა სახელოსნოები, ატრაქციონები, სპორტული სივრცე, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის კი ყოველ დღე, 31 რიცხვის გარდა, 21:00-დან 00:00 საათამდე სხვადასხვა DJ-ები და არტისტები დაუკრავენ. გაიმართება საბავშვო კონცერტები და განთავსება კვებითი ობიექტებიც. წლევანდელი საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორიც. ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სკვერებისა და პარკების მორთვაში მონაწილეობას კერძო კომპანიები მიიღებენ. გარდა ამისა დედაქალაქის ათივე რაიონში საახალწლო განწყობის შექმნაზე გამგეობები იზრუნებენ.

კომენტარი