“მთავარია გჯეროდეს, რომ ამ პრობლემას დაძლევ, ამ განწყობამ გადამარჩინა” – მარიამ ბურჯანაძე

“მთავარია გჯეროდეს, რომ ამ პრობლემას დაძლევ, ამ განწყობამ გადამარჩინა” – მარიამ ბურჯანაძე

1144
გაზიარება

პროფესიით პედაგოგმა მარიამ ბურჯანაძემ, ძუძუს ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ 37 წლის ასაკში, სრულიად შემთხვევით შეიტყო. მშობიარობიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ძუძუს  სიმაგრე შენიშნა. ექოსკოპიაზე უთხრეს, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა და სასწრაფოდ ბიოფსიას საჭიროებდა.

მარიამმა გადაწყვიტა დრო არ დაეკარგა და დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაიწყო. გამოკვლევის ჩასატარებლად თბილისის მერიის სკრინინგ ცენტრს მიაკითხა, სადაც მამოგრაფია გაიკეთა და დიაგნოზი საბოლოოდ დადასტურდა. ოპერაცია მალევე, 2012 წელს გაიკეთა. ოპერაციის შემდეგ მკერდის ფორმა შეიცვალა, თუმცა, მარიამისთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და ძვირფასი სიცოცხლეა, ამიტომ საკუთარი თავის მიმართ არასრულფასოვნების კომპლექსი არ გასჩენია.

“სიცოცხლე უფრო ძვირფასია, გარეგნობის საკითხი კი მოგვარებადი. შესაძლებელია სამოსი შეარჩიო იმგვარად, რომ მკერდის ცვლილება საერთოდ არ გამოჩნდეს. ადამიანისთვის ყველაზე მთავარი და ძვირფასი არის სიცოცხლე, სხვა ყველაფერზე, მათ შორის, ჩაცმაზე ფიქრი სასაცილოდ მეჩვენება”, – ამბობს მარიამი.

ოპერაციის შემდგომ ძალიან გაუჭირდა შვილის ხელში აყვანა, არადა ის, მაშინ, სულ რაღაც 2 თვის იყო. მარიამს ოჯახის წევრები და მეგობრები ეხმარებოდნენ. დედა არ აკლებდა ზრუნვას და ყველა, ვისაც შეეძლო გვერდით ედგა.

როგორც მარიამმა გვითხრა, საკუთარი თავისთვის ტირილისა და სასოწარკვეთის უფლება არ მიუცია, პირიქით, თავი ხელში აიყვანა და დაავადებასთან ბრძოლას მთელი ძალებით შეუდგა. ამბობს, რომ ამ ბრძოლაში საკუთარი ოჯახის წევრებზე ფიქრმა შეჰმატა ძალა.

„თავისთვის ტირილის და მოთქმა – გოდების უფლება არ მიმიცია. თავიდანვე ვთქვი, – კარგი იყო არ მომხდარიყო, მაგრამ მე ამას დავძლევ. თავიდანვე ასეთი განწყობით ვიყავი. მე თვითონ ჩემი ოჯახის წევრებზე ფიქრმა მიშველა, მათზე ზრუნვამ გადამატანინა. ვფიქრობდი მათზე, რომ არ გამემწარებინა და მათთვის არ ყოფილიყო ეს რთული და მტკივნეული. ოჯახის წევრები, მეუღლე, დედა და ყველა ზრუნავდნენ ჩემზე”, – ამბობს მარიამ ბურჯანაძე.

მკურნალობის პერიოდში მარიამი არ ცდილობდა ახლობლებისგან დისტანცირებას. მაშინაც კი, როდესაც თმა გასცვივდა, სტუმრად თავსაბურავით დადიოდა. ცდილობდა, გარშემომყოფები დაერწმუნებინა იმაში, რომ არაფერი საგანგაშო და დაუძლეველი არ ჭირდა.

“ძალიან ცუდია, როცა ამ დროს გეუბნებიან, – ვაიმე, შე საწყალო, ვაიმე, როგორ მეცოდები. ბრძოლის უნარის მქონე ადამიანი, არ არის საცოდავი. მთავარია გჯეროდეს, რომ ამ პრობლემას დაძლევ. ამ განწყობამ გადამარჩინა“, – ამბობს მარიამ ბურჯანაძე.

ოპერაციის შემდგომ იყო მკურნალობის რთული პერიოდი, – ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და ა.შ. ეს რთული პერიოდიც გადალახა იმ განწყობით, რომ ეს, მისთვის აუცილებელად გასავლელი გზაა შემდგომი ლაღი ცხოვრებისთვის. ამბობს, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს, წელიწადში ერთხელ მიდის მამოგრაფიაზე და გამოკვლევებს ყოველ 6 თვეში ერთხელ იტარებს. მისი შვილი უკვე 5 წლის არის, მაგრამ იმის შესახებ, თუ როგორ დაძლია დედამ მძიმე დაავადება, ჯერ არაფერი იცის. მარიამის აზრით, ალბათ, დადგება ის ეტაპი, როცა ამ ამბავს შვილს უამბობს.

„ახლა კარგი, მშვენიერი, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა მაქვს და ჩეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობ. თუმცა, იმ პერიოდშიც საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ასე რომ დღესდღეობით არაფერი ისეთი პრობლემა არ არის ძუძუს სიმსივნე და სავსებით შესაძლებელია ადამიანი გადარჩეს. მთავარია ბრძოლა და ბრძოლის უნარი არ დაკარგოს ადამიანმა”, – ამბობს მარიამი და ქალებს ურჩევს, ნუ შეშინდებიან, დროულად მივიდნენ სკრინინგ ცენტრში, სადაც სრულიად უფასოდ ჩაუტარებენ გამოკვლევას. გაესინჯონ წელიწადში ერთხელ მაინც. როცა რაიმე სახის ცვლილებას შეამჩნევენ თავს, აღმოაჩენენ საეჭვო კვანძს სხეულზე და სხვა, სასწრაფოდ მიმართონ სკრინინგ ცენტრს.

„არავინ ამბობს, რომ ეს დაავადება არის მარტივი და ადვილია, მაგრამ განკურნებადია და შეგიძლია იცხოვრო მშვენივრად. რთულია რაღაცეები, თუნდაც მკურნალობის პერიოდი, მაგრამ ეს, გარკვეული პერიოდის მერე  მთავრდება და მერე ცხოვრობ ჩვეულებრივად, აქტიური ცხოვრებით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე“, – ამბობს იგი.

მარიამ ბურჯანაძე დადებითად აფასებს თავად სკრინინგის პროგრამას და იმედოვნებს, რომ მომავალში, უფასო პროგრამაში 40 წლამდე ასაკის ქალებიც შეძლებენ მოხვედრას, რადგან სკრინინგ ცენტრის პაციენტები შესაძლოა 25-30 წლის ახალგაზრდა ქალებიც იყვნენ.

“კარგი იქნებოდა ეს ზღვარი ცოტა ქვევით დასწიონ. ალბათ, უამრავ ქალს, მით უმეტეს საქართველოში, არ აქვს საშუალება გაიკეთოს ექოსკოპია, რომელიც 60 – 80 ლარი ღირს. 25 -30 წლის გოგონებსაც შესაძლოა აღმოაჩნდეთ სიმსივნე და იმის გამო, რომ ურჩევნია ის თანხა თავის შვილს მოახმარონ, ვეღარ მიდიან ექიმთან. ამიტომ ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს. 40 წლის ზემოთ უფასოა და ძალიან კარგია, მაგრამ 40 წლამდე თუ სჭირდება ადამიანს და არ აქვს საშუალება იმან რა ქნას? „ – აცხადებს ბურჯანაძე.

მარიამ ბურჯანაძე ამჟამად 42 წლის არის. ​მიაჩნია, რომ დროულად აღმოაჩინა დაავადება, იმის მიუხედავად, რომ ძალიან აგრესიული ფორმა ჰქონდა, პირველი სტადია იყო და ამიტომ უფრო მარტივად დაძლია. იმ ხანებში, როცა მძიმე დიაგნოზის შესახებ შეიტყო, დეკრეტულ შვებულებაში იყო გასული და ერთი წლის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ მკურნალობას 2 წელი დასჭირდა და სამსახურიდან წამოვიდა. ამჟამად მეექვსე საავტორო სკოლაში მუშაობს და პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს ხელოვნებას ასწავლის.

კომენტარი