სახლი თბილისში, რომელმაც საუკუნეს გაუძლო – გზა მოჯამაგირეობიდან დიდ ბიზნესში

სახლი თბილისში, რომელმაც საუკუნეს გაუძლო – გზა მოჯამაგირეობიდან დიდ ბიზნესში

831
გაზიარება

იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ექვსი წლისა, ხონის ერთ-ერთი გარეუბნიდან თბილისში ჩამოიყვანეს და სამუშაოდ ფურნეში დატოვეს. ფურნეს გვერდით გერმანელი ვაჭრის საგალანტერიო მაღაზია ყოფილა. პატარა ბიჭუნა ძალიან ნიჭიერი აღმოჩნდა და ძალიან მოკლე დროში, გერმანული ენა ისწავლა. ის ამ მაღაზიაში მოჯამაგირედ მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, უმცროსი გამყიდველი გახდა. როგორც ჩანს, მაღაზიის მეპატრონეს თავი ძალიან შეაყვარა, რადგან მოგვიანებით მან ბიჭუნა სასწავლებლად ლაიფციგში გაგზავნა.
ეს ბიჭუნა ცნობილი მეცენატი და საზოგადო მოღვაწე ერასტი ჭავჭანიძე გახლდათ. მან, შეგროვილი ფულით, იოსებ გველესიანთან ერთად, მანთაშევის ქარვასლაში სავაჭრო სახლი გახსნა. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში თბილისში მხოლოდ რუსულ წარწერებს თუ შეხვდებოდით. მხოლოდ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა“ და „ჭავჭანიძე-გველესიანის სავაჭრო სახლს“ ჰქონდა აბრა ქართულ-რუსული წარწერით. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ერასტი ჭავჭანიძემ მაშინდელი მიხაილის გამზირზე (ახლანდელი აღმაშენებლის გამზირი), 1903 წელს ულამაზესი სახლის მშენებლობა დაიწყო.
“სამსართულიანი სახლი ნაძერწი დეკორის სიუხვითა და დახვეწილობით გამოირჩევა. შენობის სახეს მოდერნული ელემენტები განსაზღვრავს. რიზალიტთა მომნიშვნელი პილასტრისებრი შვერილების დამასრულებელი ქალის თავის სიმბოლური გამოსახულებები, ტალღოვანი კარნიზები, ნაძერწი გირლანდები, ყვავილოვან ორნამენტებში ჩართული უჩვეულო კრონშტეინები, თუ რკინის შეკიდული აივნების მოაჯირები. სადარბაზო მთლიანად შემკულია იმ დროისათვის დამახასიათებელი მოხატულობით. ეზოსკენ ნაგებობა ტრადიციული ხის აივნებით არის მომართული”, – წერს “თბილისის არქიტექტურული გზამკვლევი” აღმაშენებლის გამზირის N 36-ში მდებარე სახლის შესახებ.
გადმოცემის თანახმად, სადარბაზო ფლორენციელ მხატვრებს მოუხატავთ. არქიტექტორიც საზღვარგარეთიდან ჩამოუყვანია. სადარბაზოს მსგავსად, თურმე ბინებშიც ყოფილა მოხატული ჭერი. მერცხლებით, პეპლებითა და პალმებში ჩაფლული ლამაზი ხედებით.
სახლს ეზოს მხრიდან თბილისური ხის აივნები აქვს და გარე ფასადი სრულიად განსხვავებულია. როგორც უმრავლესობა იმ პერიოდის სახლებისა. სადარბაზოში მაღლიდან ანგელოზები დაგვცქერიან. კიბის ქვედა ნაწილებიც კი მოჩუქურთმებული ყვავილებითაა მოხატული. კედლებს ულამაზესი პეიზაჟები ამშვენებს. აქვე ნახავთ სცენებს „ვეფხისტყაოსნიდან“, რომელიც მხატვარ მიხაი ზიჩის ილუსტრაციების მიხედვითაა შექმნილი. სამწუხაროდ, ჭერიდან ჩამოსული წყალი ამ საოცარ ნახატებს ანადგურებს. ნახატებს, რომლებმაც საუკუნეს გაუძლეს…
გულგრილს ვერ დაგტოვებთ ხის ულამაზესი კარი, რომელიც სადარბაზოს დიზაინში საოცრადაა შერწყმული. ერთ-ერთ კარზე, მეტალის თხელ ფირფიტასაც დაინახავთ, რომელზეც სახლის ამშენებლის სახელი და გვარია ამოტვიფრული.
ერასტი ჭავჭანიძე თავისი ცოლ-შვილით სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. მას ორი შვილი „ისპანკით“ დაეღუპა. ეს გრიპის ერთ-ერთი რთული ფორმა იყო, რომელიც იმ პერიოდში მძვინვარებდა თბილისში. მოგვიანებით, მისი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ვერც ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა. ერასტი ჭავჭანიძეს მხოლოდ ორი ვაჟი დარჩა. ამჟამად, ერთ-ერთ ბინაში მისი შვილიშვილი, ქალბატონი თამარ ჭავჭანიძე ცხოვრობს, თავისი ოჯახით. ის რომ არა, ვინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ ლამაზ სადარბაზოს…
როგორც ამბობენ, ჭავჭანიძეების სახლში ბევრი სტუმარი დადიოდა. სადარბაზოში პატარა სპილენძის ზარი ყოფილა, რომელსაც შვეიცარი რეკავდა და მასპინძლებს სტუმრის მოსვლას ატყობინებდა. ქალბატონი თამარი იხსენებს, რომ ეზოში ულამაზესი შადრევანი დაუნგრევიათ, რომელსაც ანგელოზის ქანდაკება ედგა. ხოლო აუზში ოქროს თევზები დაცურავდნენ. თბილისის გასაბჭოების პერიოდში, 1927 წელს, ერასტი ჭავჭანიძეს ქონება ჩამოართვეს (როგორც თბილისის უმეტესობა მდიდარ მცხოვრებელს) და ერთი ოთახი დაუტოვეს. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა გადაერჩინა და შეენარჩუნებინა ულამაზესი სადარბაზო, რომელსაც სხვა სახლების მსგავსად, გადაღებვას უპირებდნენ. ერთ დროს ულამაზესი ჭიშკარი მოხსნილი და დაკარგულია.
წყარო: ფეისბუქჯგუფი “თბილისური ამარკორდი”
24068167_1675530499178649_4105955411514345030_n 24174387_1675531152511917_8061330686550494005_n 24129571_1785245374843613_5757018698763898307_n 24131391_1785246654843485_5120707446209352160_n 24232709_1785248134843337_294475128125348690_n 24232908_1785247221510095_7030703269248073407_n

24291577_1675530755845290_5992008126761655231_o 24254849_1675531729178526_8382465106653081642_o 24176700_1675531465845219_7198466466133695016_n 24130504_1675530169178682_7678436884150266362_o 11402917_1592674630991567_4761592433174292440_o

კომენტარი