თბილისში, ასეთი ლამაზი ქალი საჭესთან ნამდვილი ფურორი იყო – დინარა ჟორჟოლიანის შესახებ 

თბილისში, ასეთი ლამაზი ქალი საჭესთან ნამდვილი ფურორი იყო – დინარა ჟორჟოლიანის შესახებ 

8025
გაზიარება

ის დრო იყო, როდესაც თბილისში თითქმის ყველა ერთნაირად ცხოვრობდა… ხელფასიდან, ხელფასამდე, თამაშობდა წელიწადში ერთხელ ლატარეას, მოსკოვში ან სოციალისტური ბანაკის რომელიმე ქვეყანაში წასასვლელად, აკეთებდა ბინებში დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდულობით რემონტს, პროტექციით შოულობდა კაფელსა და ჩეხურ სანტექნიკას, ზოგჯერ თავს აძლევდა უფლებას, გადამყიდველთან ეყიდა რამე განსაკუთრებული ტანსაცმელი და.. ელოდებოდა მარწყვის გაიაფებას 5 მანეთიდან მანეთნახევრამდე, ბავშვების გარდა, ოჯახის სხვა წევრებსაც რომ მიერთვათ და მურაბები რომ გაემზადებინათ
მანქანები ბევრ ოჯახს ყავდა, მაგრამ ერთ ოჯახში 2 მანქანა უკვე ფუფუნებას ითვლებოდა და საეჭვოდ გამოიყურებოდა… მაგრამ…
ჩვენს სახლში ერთი ასეთი „საეჭვო“ ოჯახი ცხოვრობდა… ჩემი ბავშვობის მეგობრის მაია ჩაჩავას მამიკო ზორიკ ჩაჩავა და დედიკო, ულამაზესი და უთბილესი დინარა ჟორჟოლიანი… ზორიკ ბიძიას ყავდა „ვოლგა“, მაგრამ ვინც დინარას იცნობთ, და ის სილამაზის გარდა უჭკვიანესი ქალბატონია და საქართველოში ინგლისური ენის ერთერთ წამყვან სპეციალისტად ითვლებოდა, ის მიხვდება, რომ ზორიკა ბიძიას ერთი მანქანა ვერ გაწვდებოდა მისი მეუღლის ენერგიას. ამიტომაც, მან დინარა დეიდას უყიდა „ზაპოროჟეცი“, ოღონდ ახალი…
ახლა მეცინება, როცა ჯიპებზე შემოსკუპებულ პატარა გოგოებს ვხედავ და მახსენდება, რა ბედნიერი და ამაყი იყო დინარა დეიდა იმ თავისი პატარა ზაპოროჟეცით.
ხოდა, ერთხელაც ჩემს გალიჩკას გამოუარა, ისიც გაიპრანჭა და ახალი ავტომობილით გაისეირნეს.
დღეს ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ იმდროინდელ, პოლიტიკისგან და შუღლისგან გადაუღლელ, ლაღ და ნაღდ თბილისში 2 ასეთი ლამაზი ქალის დანახვა, თან ერთის საჭესთან, ნამდვილ ფურორს გამოიწვევდა.
რამდენიმე საათში „გოგოები“ დაბრუნდნენ, რატომღაც აჩეჩილები, სველები და ფანჯრიდანვე ჯემალიკომ და მე შევამჩნიეთ, რომ სიცილისგან ფეხზე ვერ იდგნენ… პირველად, ნასვამებიც კი გვეგონა. თურმე, სეირნობის ბოლოს, გადაუწყვეტიათ სამრეცხაოში გაერეცხათ მანქანა… გაოგნებული მამაკაცების რიგმა, დაუთმო ადგილი… ისინიც ძალიან გაიპრანჭნენ, დაუმიზნეს მანქანა სარეცხ ბარაბნებს და წაიღო მანქანა აპარატმა… დინარას და გალიჩკას ფანჯრების დახურვა დავიწყებიათ და გასაპნული ჯაგრისების მთელმა კომპლექტმა ტრიალ-ტრიალით ზედ გადაუარათ. ​
ზორიკამ და ჯემალიკომ, იმდენი იცინეს ამ ისტორიაზე, იმდენი, რომ ბოლოს დინარა და გალიჩკა სერიოზულად გაიბუტნენ…  ასე ევროპულად ქალების მარტო გამშვები კაცები, გულში მაინც ჯიგიტებად რჩებოდნენ და ძალიანაც ეჭვიანობდნენ და ამიტომ ასე დაუფარავად გაუხარდათ მათი ლამაზი მეუღლეების თბილისის ქუჩებში გამართული “ზაპოროჟეციანი” დეფილეს ასეთი კრახით დასრულება.
ფოტოზეა დინარა. მაგრამ ეს ფოტოც კი ვერ გადმოსცემს მის ხიბლს ბოლომდე…

 ავტორი ლელა ანჯაფარიძე

კომენტარი