როდის გაჩნდა ბორდელები თბილისში და ვინ აპროტესტებდა მათ არსებობას

როდის გაჩნდა ბორდელები თბილისში და ვინ აპროტესტებდა მათ არსებობას

1322
გაზიარება

ძველ თბილისში ადამიანების ჩაცმულობა იძლეოდა პასუხს მის პროფესიაზე, მის რაობაზე, მის წარმომავლობაზე. ჩაცმულობა ყველაფერს შიფრავდა. ასევე, იყო ქალის ჩაცმულობა. როცა დაინახავდნენ გარკვეული სტილით ჩაცმულ ქალს, ქუჩაზე მიმავალს, ორი მოსაუბრიდან ერთი აუცილებლად ეტყოდა მეორეს: “მე მგონი, ეს ჩვენი უბნისა არისო”.
“ჩვენი უბნისა” ნიშნავდა, რომ ეს ქალი მეძავი იყო. “ჩვენ უბნად” იგულისხმებოდა მეიდანი – შეითან ბაზარზე, აბანოების უკან, სადაც იყო სწორედ თბილისური ბორდელები, სწორედ ეს ადგილი ნიშნავდა პირობითად “ჩვენს უბანს” და იგი განკუთვნილი იყო უფრო უბრალო ხალხისთვის. თათრის აბანოების უკან მუდმივმა ხმაურმა და არეულობამ იქ მცხოვრებთა პროტესტი გამოიწვია. თბილისელმა სუნიტებმა საჩივრები დაწერეს და ხმა მიაწვდინეს ქალაქის ხელისუფლებას და ეს სახლები გაატანინეს აბანოს ტერიტორიიდან.
“ჩვენი უბნისთვის” იპოვეს ერთი მივარდნილი ადგილი, ორთაჭალის ერთ-ერთი ქუჩაბანდი, რომელის არსებობა თუ არ იცოდა კლიენტმა, შემთხვევით ვერ გადააწყდებოდა.
მეძავების თბილისში გამოჩენის ისტორია საინტერესოა, საქართველოში ასეთი რამ, ადრე არ იყო და მეძავეები ქართველებმა პირველად XIX საუკუნეში ნახეს. ესენი იყვნენ რუსის ჯარის ნაწილებს ადევნებული ქალები. ხოლო მას შემდეგ, რაც რუსებმა დაიწყეს საქართველოში საფოსტო გზების გაყვანა, ანუ ჩვეულებრივი გზების, რომლებზეც ხალხს უნდა ევლო პერეკლადნოით, ანუ ეკიპაჟით, სურათი შეიცვალა.
რუსეთში გზებზე იყო საფოსტო სადგურები და საქართველოშიც ამ ყაიდაზე გაკეთდა, მაგრამ რახან რუსული და ქართული მანძილები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ამიტომ ხშირად გზის პირზე იყო ტრაქტირი და არა საფოსტო სადგური. თანდათან სწორედ ტრაქტირებში გამოჩნდნენ მეძავეები.
მეძავეობა ძალიან საბრალო პროფესია ყოფილა თბილისში. ესენი იყვნენ ქართველი გლეხი ქალები, რომლებსაც ბატონები ჰყიდდნენ მეტრაქტირეებსა და ვაჭრებზე.

 წყარო:”ქართული რვეულები”, აკა მორჩილაძე.

კომენტარი