ღვინო, თბილისი და სხვა… – რატომ უყვარდათ ორთაჭალის ბაღებში ქეიფი

ღვინო, თბილისი და სხვა… – რატომ უყვარდათ ორთაჭალის ბაღებში ქეიფი

2184
გაზიარება

ძველად ღვინოს ჭიქით არ სვამდნენ, არც არსებობდა სასმელად მინის ჭურჭელი. გაბმულ სმაში ჭიქაზე ვინ მოცდებოდა. კარგ დამლევს სასმისს ჩუქნიდნენ და ეს დიდად პატივსაცემი იყო. ყანწი დალია და წამოიღოო, თუ გახსოვთ.
ბევრი ღვინის სმა და კარგი სუფრების გაშლა საქართველოში, როგორც ჩანს ყოველთვის იყო. მე მგონი, ეს ქვეყანა საერთოდ თუ რამემ გადაარჩინა, იმათ შორის ღვინოს ბოლო ადგილი არ უჭირავს და ბევრი ღვინის სმასაც თავისი ადგილი ჰქონდა.
​შუშებით, ანუ ჭიქით სმა, უფრო XIX საუკუნის ამბავია და რახან ქართველებს ჭიქის მოცულობა თვალში არ მოსდიოდათ, ერთ ჭიქას არავინ სვამდა ხოლმე, ანუ სადღეგრძელოში ერთი ჭიქა არასდროს იყო საკმარისი. დაალაგებდნენ თეფშებზე ჭიქებს და წავიდა… ეს რა თქმა უნდა მაშინ, როცა სმა გახურდებოდა, თორემ სადილზე მხოლოდ ცოტას მოსვამდნენ, ვისაც რამდენი გაუხარდებოდა. რადგან ჭიქები იდგმებოდა თეფშზე, მათი ოდენობა შეთანხმების ამბავი იყო. თუ არა ვცდები, ყველაზე გავრცელებული იყო ოთხი, მარა ეს უფრო მაინც გვიანდელი ამბავია.
​ძალიან მნიშვნელოვანი მოხელე ასეთი სუფრისა არის მერიქიფე. სხვადასხვანაირად ერქვა ამ მსახურს – პირის მეღვინე. ამ ხელობის კაცი ყველა პატივსაცემ თავადიშვილს უნდა ჰყოლოდა. იმიტომ, რომ უმისოდ წარმოუდგენელია საჭმელსაც ვერ შეჭამ ხეირიანად, თუ ეს კაცი არ გიდგას გვერდით. მან იცის დასხმის წესი, მან იცის, როდის უნდა გამოცვალოს სასმისები, რის მერე რა სასმისი მოიტანოს, ანუ ასეთი სუფრის უსიტყვო წარმმართველი მერიქიფეა. დალოცვას და ქებას წამომწყები ყოველთვის ყავს და წესს კი მერიქიფე ახორციელებს. cullinary-tour-1498631439
​რახან სასმისების ზომა იზრდება, შესაბამისად ხალხიც თვრება და მეტი წესრიგია საჭირო, თუმცა, როგორც ფრანგი მოგზაური, ვაჭარი, მწერალი ჟან შადრენი წერს თავის მოგონებებში, იქ არეულობა არ იგრძნობაო.
საერთოდ XIX საუკუნის ქართული სუფრის გაშლას რომ შევხედოთ, ძალიან სადა სუფრაა და გემრიელი. ქეიფზე მორგებული უფრო ჩანს, ვიდრე ჭამაზე.
ქართველებს ნაკლებად უყვარდათ ჭერქვეშ ქეიფი. როდესაც მეგობრები შეიკრიბებოდნენ, ყოველთვის ამჯობინებდნენ სახლს გასცილებოდნენ და ტკბილად და გემრიელად გაეტარებინათ დრო.
​იყო ეს ამბავი დილიდან, მაგრამ ქართველებს უყვარდათ მთვარის შუქზე ქეიფი. ბევრგან იყო ასეთი ადგილები და ბევრი ძველი ქართული ქალაქის ახლოს მოიძებნება დღემდე ამგვარი გასასვლელი და თბილისსაც ცხადია, მოეძებნა. ეს იყო ორთაჭალის ბაღები.
​თავიდან ორთაჭალის ბაღები ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტისა იყო, მერე – არქიეპისკოპოს დოსითეოს ღუდუშაურისა, ვინც მანამდე ქვათახევის მონასტრის წინამძღვარად ყოფილიყო; და მერე კი იყიდა სომეხმა ვაჭარმა, თუ არ ვცდები, თბილისელმა  მოქალაქემ – ტერშმანოვმა.
სხვათა შორის, ამ გვარისა იყო ცნობილი თბილისელი მოქეიფე, განთქმული არზუმანების კამპანიის წევრიც და ვინ იცის, ეგებ შთამომავალიც გამოდგეს იმ ვაჭრისა.
​ეს ბაღები კარგი იყო იმით, რომ ჩადიოდა მდინარე მტკვრის პირას და ძველ დროში, სანამ ორთაჭალა კაფე-შანტანებით გადაიპენტებოდა, აქ იყო მხოლოდ რამდენიმე დუქანი. უყვარდათ თავადებს ამ ნაპირზე ჩასვლა, ხოლო ღამით, როცა ხეებზე ანთებდნენ სანთლებს ეს ჩვენი მოქეიფეები, იქ ყოფნას არაფერი სჯობდა. მიჰყავდათ საზანდარები, მუსიკოსები და იყო ტკბილად ეს ყველაფერი.
წყარო: აკა მორჩილაძე, “ქართული რვეულები” 

კომენტარი