აშშ-ის ელჩი თბილისის მერს პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაპირდა

აშშ-ის ელჩი თბილისის მერს პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერას დაპირდა

298
გაზიარება

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის გზებზე არსებული საცობების პრობლემებსა და ზოგადად ტრანსპორტის განახლება-მოწესრიგების საკითხებზე დღეს, საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელისთან შეხვედრაზე ისაუბრა.
​როგორც კახა კალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, საცობების თვალსაზრისით, ქალაქში სერიოზული პრობლემები არსებობს და დედაქალაქის მთავრობა უახლოეს დღეებში წარმოადგენს სტრატეგიას, რომელიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო პროექტების პერსპექტივები განიხილეს.
აშშ-ის ელჩმა თბილისის მერს პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ  დასაფასებელია ის ძალისხმევა და აქტიურობა, რომელსაც დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა თბილისის კულტურული და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართავს.
„თბილისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაქალაქია, არამედ იმიტომაც, რომ ის ქვეყნის ეკონომიკის ბირთვია. ძალიან სასიხარულოა, რომ მერი აპირებს, ძალისხმევის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართოს. ეს შეეხება ყველა მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ჩვენც – საელჩოს, რადგანაც თბილისის ნაწილი ვართ“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, კახა კალაძემ, აშშ-ს ელჩს ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ ქალაქის ეფექტიანი განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად შეიმუშავა.
„დღევანდელ შეხვედრაზე აშშ-ის ელჩს ჩვენი სამომავლო გეგმები გავაცანით, თუ რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს. ვისაუბრეთ ასევე, პრიორიტეტებზე, რაც ტრანსპორტის განახლება-მოწესრიგებას ეხება. საცობების თვალსაზრისით, ქალაქში სერიოზული პრობლემები არსებობს და ჩვენ, უახლოეს დღეებში ვაპირებთ, წარმოვადგინოთ სტრატეგია, რომელიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 62 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

კომენტარი