ძაღლის წელი მოვიდაო და იღბლიანი წელი გვქონოდეს – თბილისის ზოოპარკის ჯადოსნური ისტორია

ძაღლის წელი მოვიდაო და იღბლიანი წელი გვქონოდეს – თბილისის ზოოპარკის ჯადოსნური ისტორია

146
გაზიარება

თბილისის ზოოპარკი, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზოოლოგიური პარკის ბინადარი ძაღლების ფოტოს აქვეყნებს, მათ შორის, ერთ-ერთი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის დროს დაღუპული თეთრი ლომის ბოკვერ შუმბას მეგობარი პუდელია.
გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით ძაღლის წელია, თბილისის ზოოპარკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პარკის დირექტორის კაბინეტში სკამზე შემოსკუპებული კარაკულასა და ბიმბოს ფოტოს აქვეყნებს: “ძაღლის წელი მოვიდაო და აბა, ისე როგორ იქნება, ძაღლის ფოტო არ გამოვფინოთ. თან ერთის კი არა, ორის!! პატარა საახალწლო ამბავსაც მოვაყოლებთ. უხდება ახალ წელს ჯადოსნური ისტორიები…
მაშ ასე, დავხედოთ ფოტოს: ჯაგრისს რომ ჰგავს, კარაკულაა, ლომი შუმბას მეგობარი პუდელი. გვერდს ბიმბო უმშვენებს. ყურებდაცქვეტილი, მოუსვენარი და ძალიან იღბლიანი გოგო. იღბლიანი რატომაა?
ბიმბოს ამბავი ისე დაიწყო, საბრალო ძაღლზე გადაღებულ გულის ამაჩუყებელ ფილმს რომ მოუხდებოდა: ერთ წვიმიან, ზუნზლიან დღეს სულ პატარა, მატლივით ღოღიალა ლეკვი ვიღაცამ ზოოპარკის დირექტორის ჭიშკართან მიატოვა. ან იქნებ თვითონ მიფოფხდა? კაცმა არ იცის… იღბლიანი ცხოველი უნდა იყო, აბა რა, ცხოვრების ყველაზე კრიტიკულ მომენტში ზოოპარკის დირექტორს რომ მიადგე საშველად…
ბატონი ზოოპარკის დირექტორიც ზუსტად ისე მოიქცა, როგორც ჭეშმარიტ ზოოპარკის დირექტორს შეეფერებოდა: გამოაძვრინა მანქანასა და ღობეს შორის შეჩურთული გალუმპული ცუგა და სახლში მისსავე ძაღლს რომ არ დაეღეჭა, სამსახურში წამოიყვანა.
თავიდან ვერ გაიგო კარაკულამ, რატომ აცხადებდა რაღაც უცხო, გაბურძგნული არსება პრეტენზიას მის ტერიტორიაზე. მერე მიიღო, შეეჩვია, შეიყვარა და ახლა განუყრელი მეგობრები ერთად თანაცხოვრობენ დირექტორის კაბინეტში. მოთავსდებიან სკამზე და არც თუ ისე სერიოზული გამომეტყველებით ესწრებიან სერიოზულ შეხვედრებს. თათბირებს რომ მორჩებიან, გამოქანდებიან და ჭინკებივით აწიოკებენ არემარეს. მერე ისევ ოთახში ბრუნდებიან და მონდომებით ეხმარებიან ადმინისტრაციას ზოოპარკის საქმეების გაძღოლაში.
ჰოო… იღბლიანი უნდა იყო, რომ ზუსტად იმ დროს ზუსტად იმ ადგილას აღმოჩნდე, სადაც საჭიროა,  იღბლიანი წელი გქონოდეთ ყველას”.

კომენტარი