თბილისს ერთი ჰექტარი ფართობის ახალი სკვერი შეემატა (ფოტო) 

თბილისს ერთი ჰექტარი ფართობის ახალი სკვერი შეემატა (ფოტო) 

327
გაზიარება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, ვაზისუბნის დასახლებაში, ერთი ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყო. გაკეთდა საბავშვო და სპორტული მოედნები, დაიდგა 120 დეკორატიული სანათი, ხის პერგოლა და გაკეთდა დეკორატიული ღობეები, დაიგო ქვაფენილი და მოეწყო ბორდიურები.
​თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, ვაზისუბნის დასახლების ახალი სკვერი დაათვალიერა და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მერმა თავის მხრივ მოსახლეობას სკვერის მოვლა-პატრონობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა ინვენტარი არ დაზიანდეს და მოსახლეობის დასასვენებელი სივრცე არ გაიძარცვოს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ პასუხისმგებლობას მოვლა-პატრონობასა და მოწესრიგებაზე, მაგრამ მოსახლეობის ჩართულობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ მივიღოთ ის შედეგი, რაც კონკრეტულ რაიონებში, სკვერებში არა ერთხელ დაფიქსირდა და გადაიცა მედიასაშუალებებით.  წინასაახალწლო დღეებშიც სხვადასხვა სახის დაზიანების და ქურდობის არაერთი ფაქტი მოხდა. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
​მისივე შეფასებით, თბილისში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობაა და სკვერების თუ პარკების მოწყობა პრობლემასთან საბრძოლველი, ერთ-ერთი მთავარია მიმართულებაა.
“რა თქმა უნდა, მხოლოდ პარკები და სკვერები არ უშველის, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც შეგვაძლებინებს პრობლემა გამოსწორდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალი სკვერის გამწვანებაზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა იზრუნა. ტერიტორიაზე ხეები და სხვა ტანდაბალი მცენარეები დაირგო, მათ შორის კვიპაროსი, მტირალა თუთა, ცაცხვი, ნეკერჩხალი, ტუია, ფოტინია და ოლეანდრა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 740 000 ლარია.
თბილისის მერთან ერთად სკვერში მიმდინარე სამუშაოებს დღეს მერის მოადგილე მაია ბითაძე და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი გაეცნენ.

კომენტარი