წარმოდგენილი დოკუმენტაცია მაღალ პროფესიულ დონეზეა შემუშავებული – ეკონომიკის სამინისტრო

წარმოდგენილი დოკუმენტაცია მაღალ პროფესიულ დონეზეა შემუშავებული – ეკონომიკის სამინისტრო

1142
გაზიარება

“…საერთო ჯამში წარმოდგენილი დოკუმენტაცია მაღალ პროფესიულ დონეზეა შემუშავებული. სხვა კონცეპტუალურ საკითხებთან ერთად განსაკუთრებით აღსანიშნავია სარეკრეაციო სივრცეების შენარჩუნება, მდინარეების რევიტალიზაცია, ქალაქის მთავარი ხედებზე კონტროლის დაცვა და პოლიცენტრიული განვითარება. პირველად ამ დონის დოკუმენტაციაში შემოთავაზებულია მცხეთა-თბილისი-რუსთავი-გარდაბნის ურბანული აგლომერაციის სახით ჩამოყალიბება, რაც უდაოდ პროგრესული და ეფექტიანია, საქართველოს განსახლების პერსპექტიული მოდელის კონტექსტში. ასევე სიახლეს წარმოადგენს მსგავს დოკუმენტში საცხოვრებელი ფონდისა და საცხოვრისის საკითხების სიღრმისეული ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემოთავაზება”, – ვკითხულობთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 4 აგვისტოს წერილის ამონარიდში, რომლის ადრესატიც თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურია.

ამავე დროს, არ ცხრება ვნებათაღელვა დედაქალაქისთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღების საკითხზე, ყოველდღიურად, თბილისის მერიისა თუ კონტრაქტორი კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მხრიდან კეთდება განცხადებები, იმართება ბრიფინგები. პროექტის ხუთი ეტაპი ჩაბარებული და მოწონებულია დამკვეთის მიერ, დარჩა საბოლოო, მეექვსე ეტაპის მიღება, რომელიც უკვე მზადაა და ჩაბარებულია მერიის არქიტექტურის სამსახურისთვის. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „სითი კვირა“ ესაუბრა პროექტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს დირექტორს მამუკა სალუქვაძეს.

ბატონო მამუკა, მოგეხსენებათ, რომ ამ დღეებში თბილისის საკრებულოში გაიმართება ახალი გენგეგმის განხილვა, რომლის ორგანიზატორებიც ოპოზიციური ფრაქციები არიან. რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოპოზიციის მხრიდან დაისვა გარკვეული კითხვები თქვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებით.

– კითხვის დასმა და დაინტერესება გარკვეული საკითხებით, რომლებიც უკავშირდება ისეთ მასშტაბურ დოკუმენტს, როგორიცაა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ჩვეულებრივი ამბავია და ამაში საოცარი არაფერი არ უნდა დავინახოთ. მესმის, რომ ძალიან რთული ამოცანაა სრულყოფილად გაეცნო მხოლოდ მე-6 ეტაპზე ჩაბარებულ ათას ორას გვერდამდე დოკუმენტს, რამოდენიმე ათეულ გრაფიკულ მასალას, რუკებს, სქემებს, დიაგრამებს და შეკითხვა არ გაგიჩნდეს. საკრებულოს წევრების ნაწილი კარგად იცნობს იმ ძირითად შეთავაზებებს და გადაწყვეტებს, რასაც განახლებული გენგეგმა სთავაზობს ქალაქს და მის მოსახლეობას, რადგანაც ისინი საკრებულოს წინა მოწვევის დეპუტატებიც გახლდნენ და ესწრებოდნენ გენგეგმის ყველა ეტაპის განხილვას. მომავალ კვირას გენგეგმის ჯგუფს ექნება სამუშაო შეხვედრა საკრებულოს ოპოზიციის დეპუტატებთან და მათთვის საინტერესო ყველა კითხვას გაეცემა არგუმენტირებული პასუხი. მზად ვართ ასეთივე სამუშაო შეხვედრა გავმართოთ საკრებულოს უმრავლესობის წევრებთანაც, მათი სურვილის შემთხვევაში და ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას.

-რაც შეეხება დამკვეთის მიერ გამოგზავნილ შენიშვნებს, თქვენ მათზე პასუხის გასაცემად 45 დღე ითხოვეთ, რასაც დაეთანხმა თბილისის მერია. როგორ ფიქრობთ, მოსწრებადია იმ შენიშვნების გამოსწორება, რაც არქიტექტურის სამსახურმა მოითხოვა?

– არ ვიცით და ვერ გავიგეთ რატომ აძლევს შენიშვნის ფორმულირებას დამკვეთი საკითხს, რომელიც მხოლოდ განმარტებას მოითხოვს. რაიმე სახის ფორმულისა თუ ტერმინის განმარტება (მით უფრო თუ ის მოცემულია დოკუმენტში) შენიშვნას არ შეიძლება წარმოადგენდეს, ისევე როგორც რაღაც საკითხის უფრო მეტი დოზით დაზუსტება. ასე დამკვეთს შეუძლია დაუსრულებლად გზავნოს კითხვები იმ საკითხებზე რომლებსაც ვერ იგებს და შენიშვნები და ხარვეზები დაარქვას მათ. ხაზგასმით მინდა დავაფიქსირო, არც ერთ კონცეფტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე, დამკვეთს არ გააჩნია შენიშვნა. თუ არსებობს ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რაც დამახასიათებელია ესოდენ დიდი პროექტისათვის რომელიც მთელ ქალაქს მოიცავს, იგი ადვილად გამოსწორებადია და სამუშაო რეჟიმში სწორდება კიდეც. თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურთან ამ დღეებში გამართულმა სამუშაო შეხვედრებმა აჩვენა, რომ არანაირი ხარვეზი ან შეცდომა, განახლებული გენერალური გეგმის ძირითად დოკუმენტში ამ დარგების მიხედვით არ ფიქსირდება. გვინდა გვჯეროდეს, რომ ასეთივე კონსტრუქციული შეხვედრები გაიმართება უშუალოდ დამკვეთთან არქიტექტურის სამსახურთანაც.

-სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ დედაქალაქის მერის შეთავაზების თანახმად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები და ადგილობრივი სპეციალისტები ჩაერთვნენ.

– ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის საჯარო განხილვებისა და ობიექტური შეფასების პროცესს, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება აღნიშნულ პროცესში ქალაქის მერიის მიერ ჩართულ ადგილობრივ სპეციალისტებს, ჩნდება საკმაოდ მართებული კითხვები. დასახელებული პიროვნებები, სხვადასხვა ჯგუფების შემადგენლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ საპროექტო მომსახურების – დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების კონკურსის მსვლელობაში. სწორედ ისინი იყვნენ, აღნიშნული ჯგუფების მიერ თბილისის სამომავლო განვითარების საკონკურსოდ წარდგენილი ხედვების ძირითადი ავტორები. მოგეხსენებათ, რომ წარმომადგენლობითი საკონკურსო ჟიურის, მათ შორის უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციის „PWC“-ს შეფასების საფუძველზე, გამარჯვება ერგო „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ ხედვას. ამდენად, იქმნება სიტუაცია, როდესაც კონკურსში მონაწილე და ვერ გამარჯვებული ხედვების ავტორებმა დღეს უნდა შეაფასონ გამარჯვებული ხედვის ავტორთა მიერ მომზადებული მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის დოკუმენტი, რაც ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო მცირე, ეთიკური, მორალური ნორმების უხეში დარღვევაა და ძირშივეა განწირული არაობიექტური შეფასებისთვის. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ თბილისის სამომავლო განვითარების ჩვენეული და სხვა კონკურსანტთა ხედვები, ხშირ შემთხვევაში კარდინალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და შეუთავსებელი იყო. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ თბილისის მერის წინაშე და დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი მხრიდან, რეალური ვითარების გაცნობის, ხშირ შემთხვევაში კარდინალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან და შეუთავსებელი იყო. ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ თბილისის მერის წინაშე და დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი მხრიდან, რეალური ვითარების გაცნობის შემდგომ, ყოველივე ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

კომენტარი