„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ – შემეცნებით-კულტურული პროექტი დაიწყო

„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ – შემეცნებით-კულტურული პროექტი დაიწყო

96
გაზიარება

„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ – ამ სახელწოდებით დედაქალაქის საკრებულომ, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიას ინიციატივით, ახალი შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი დაიწყო. ყოველი თვის პირველ შაბათს, საკრებულოს კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორია და დღევანდელი დღე აინტერესებს.
როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, პროექტში ჩაერთვებიან ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც დედაქალაქის ისტორიას განსხვავებული კუთხით იცნობენ. გარდა თბილისის ისტორიისა, ისინი სტუმრებს თვითმმართველობის განვითარების ეტაპების შესახებ ისტორიულ ექსკურსს ჩაუტარებენ და საკრებულოს ახლანდელი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრებენ
დარჩიას ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის და ზოგადად ყველა მსურველისთვის, თბილისის ისტორიის გაცნობას.
პროექტის პირველი ღონისძიება დღეს, 3 თებერვალს გაიმართა. ორი საათის განმავლობაში, სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიამ, არქიტექტორმა თამაზ გერსამიამ და მხატვარმა ქეთი მატაბელმა უმასპინძლეს.
საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ძველი და ახალი თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოკოლაჟი და მხატვარ ქეთი მატაბელის „თბილისის“ პერიოდის ნამუშევრები გამოიფინა. პროექტის მონაწილეებმა საკრებულოს შენობა დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ.
როგორც “სითი კვირას” თბილისის საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, მიწვეული სტუმრები პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ ჩაერთნენ და პოემის რამდენიმე სტროფი საკუთარი ხელით გადაწერეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება.
„ახალი შემეცნებითი პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ დაწყებით, ჩვენ ვეცდებით, რომ ახალგაზრდებს თბილისის ისტორიები გავაცნოთ. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები საკრებულოს მუშაობის სპეციფიკასა და ზოგადად თვითმმართველობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება თბილისის ისტორიას უკეთ გაეცნონ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიება საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში დასრულდა, სადაც დედაქალაქის ისტორიის ამსახველი სლაიდების ფოტო-ჩვენება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პროექტის პირველ შეხვედრას საკრებულოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

კომენტარი