“დედა უნივერსიტეტი” 100 წლისაა – როგორ ისხამდა ხორცს იდეა საუკუნის წინათ 

“დედა უნივერსიტეტი” 100 წლისაა – როგორ ისხამდა ხორცს იდეა საუკუნის წინათ 

616
გაზიარება

1918 წელს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას. საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად დაიბადა. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომელთანაც დაკავშირებულია სულიერი აღორძინების ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა.
უმაღლესი სკოლის შექმნის რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც თბილისში დაარსდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი. იგი რუსეთის იმპერიაში არსებულ ბანკებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც თავის შემოსავალს ერის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეურნეო ინტერესებს ახმარდა.
მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი გახდა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღზრდილი და მისი პრივატ-დოცენტი ივანე ჯავახიშვილი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება. 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება გაიმართა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა “ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის” საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.
1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნე-ბისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.
კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.27721224_2055460291145770_2046309282_n
ელისაბედ ორბელიანის სიტყვა, რომელიც წარმოთქვა 1918 წელს, უნივერსიტეტის გახსნაზე: „ბატონებო! დიდი მღელვარებით აღსავსე გამოვდივარ თქვენ წინაშე, რადგანაც გათვალისწინებული მაქვს ამ წუთის სიდიადე და განსაკუთრებულად ვაფასებ იმ პატივს, რომელიც წილად მხვდა მე. ვხსნით ჩვენს საკუთარ ქართულ უნივერსიტეტს და ამით ხელახლა ვნასკვავთ ჩვენი ძველი კულტურის შეწყვეტილ ძაფს. აღმოსავლეთის მზეზე გაბრწყინებული კულტურა უფრო მშვენიერდება დასავლეთის აზროვნებასთან დაახლოებით. ევროპა გვიცნობდა და ჩვენ მას ვუყვარვართ. ჯერ კიდევ მე–14 საუკუნეში რომი გვიგზავნიდა მისიონერებს. მე–15 საუკუნეში ჩვენ ვუახლოვდებით საფრანგეთს… უკანასკნელმა ასმა წელმა ძალაუნებურად დაგვაშორა საფრანგეთის აზროვნების თავისუფალ აღორძინებას. ახლა საჭიროა დაკარგული დროის მოგებაც. ბედნიერად ვთვლი ჩემ თავს, რომ მოვალეობად მარგუნეს, თქვენ ფრანგული შეგასწავლოთ, რათა ენის საშუალებით გაეცნოთ, იგემოთ მისი გენიოსების ნაწერები. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საფრანგეთის 1789 წლის წყალობითაა, რომ 1918 წელს გვაქვს თავისუფალი ქართული უნივერსიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აზრი თქვენც გიწინამძღვრებთ და აღგაფრთოვანებთ“.
ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ქართული  სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში განთავსდა. ხანდაზმულობის მიხედვით, ის ვაკეში მეორე საზოგადოებრივი შენობაა. იგი შენდებოდა არა მთავრობის, არამედ კერძო პირთა შემოწირულობებით.
საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნიკო ცხვედაძემ, შენობის დაპროექტება, ახალგაზრდა ნიჭიერ არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილს დაავალა. კლდიაშვილის ქმნილება შესახედავად სადა, მკაცრი და მშვიდია, ისეთი, როგორიც უნდა იყოს საერთოდ სასწავლო დაწესებულება. ამასთან შენობის ამ მკაფიო, ლოგიკურ კომპოზიციაში დაცულია მკაცრი სიმეტრია. უნივერსიტეტის მთავარი ფასადი გამოდის ლამაზ სკვერში. წინათ ამ სკვერის ქვემოთ ღრმა ხევი იყო. 1957 წელს, ხევი ამოივსო და ვარაზისხევის ქუჩა გაკეთდა, რომეeebvsლიც ჭავჭავაძის გამზირიდან, საკმაოდ მკვეთრად ეშვება გმირთა მოედანზე. წლებთან ერთად უნივერსიტეტს სხვა კორპუსებიც შეემატა.

1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთ–ერთი უპირველესი სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ–ს 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება.
უცხოეთის ქვეყნების უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვონ ორმაგი აკადემიური ხარისხი.

კომენტარი