თბილისი ადამიანის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქალაქი იქნება – ნინო ლაცაბიძე

თბილისი ადამიანის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქალაქი იქნება – ნინო ლაცაბიძე

1085
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე მიიჩნევს, რომ ავტოპარკისთვის 100 ახალი ავტობუსის დამატება, ახალ მშენებლობებთან გამწვანებული არეალის მოწყობის ვალდებულება და საცხოვრებელი ფართის მშენებლობის ნებართვის გაცემისას ტრანსპორტის საკითხის გათვალისწინება, რათა ადგილზე კოლაფსი არ შეიქმნას, დედაქალაქის მთავრობის მხრიდან ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებისკენ წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც ეკოლოგიური ისე ურბანული თვალსაზრისით.
როგორც “სითი კვირას” ნინო ლაცაბიძემ განუცხადა, დაიწყო ადამიანის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული ქალაქის ურბანული განვითარება, რაც მთავარია სწორი განვითარება. პირველ წელსვე დედაქალაქის მთავრობის მხრიდან ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იმაზე მიუთითებს, რომ ეს გაგრძელდება და მომდევნო წლებშიც ქალაქისთვის კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება. „წინასაარჩევნოდ ჩვენ სწორედ ამაზე ვსაუბრობდით მოსახლეობასთან, მათ შორის მე, როგორც მაჟორიტარი ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, რომ არსებული ამორტიზებული ავტობუსები ახლით ჩანაცვლდება და მერის ეს ინიციატივა, რომელზეც დღეს მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სწორედ ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისთვის გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაბიჯია, რომელიც ჩვენს ქალაქს ასე სჭირდებოდა. არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და მგზავრი თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს. ვფიქრობ ეს 100 ახალი ავტობუსი კომფორტული და უსაფრთხო იქნება, ქალაქისთვის კი ეკოლოგიური გაუმჯობესებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი“, – აცხადებს ლაცაბიძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარება კომპლექსურად, კომპლექსური ჯაჭვის პრინციპით განხორციელდება. ამის დასტურია მერის მიერ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს გაკეთებული განცხადება, სადაც კახა კალაძე საუბრობდა იმაზე, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს ბევრი მნიშვნელოვნი კომპონენტი უნდა იყოს გათვალისწინებული, მათ შორის, მშენებელი ვალდებული იქნება გამწვანებაზე იზრუნოს და შესაბამისი პროექტი წარმოადგინოს. ასევე, საცხოვრებელი ფართის მშენებლობისთვის ადგილზე ტრასპორტის საკითხი თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურთან უნდა მოგვარდეს, რათა შემდგომ ახალმა შენობამ კოლაფსი არ შექმნას.
“ასეთი ნაბიჯები მიგვაახლოებს მიზანთან, რომ თბილისი ნამდვილად იყოს სიცოცხლით სავსე“, – განაცხადა  ნინო ლაცაბიძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მუნიციპალურ ავტოპარკს, მიმდინარე წელს, 100 ახალი ავტობუსი შეემატება. როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყვითელი ავტობუსების რესურსი ამოწურულია და ავტოპარკი განახლებას საჭიროებს. მათი ჩანაცვლების მიზნით, 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.
​გარდა ამისა, სავალდებულო გახდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში თბილისის მერიის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა. სამშენებლო ნებართვის მიღებით დაინტერესებულ პირს მოუწევს დენდროლოგიური პროექტის წარდგენა, რომლის მიხედვითაც მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებს.
​თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც.

კომენტარი