წიწვოვანი ნერგი 3 მ, ფოთლოვანი კი 3,5 მ – მშენებლობის გამო ხეების...

წიწვოვანი ნერგი 3 მ, ფოთლოვანი კი 3,5 მ – მშენებლობის გამო ხეების ჭრაზე კონტროლი მკაცრდება

573
გაზიარება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მოამზადა სამართლებრივი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, შეიზღუდება და ზუსტად განისაზღვრება ის საფუძვლები, რომლის დროსაც დასაშვები იქნება ხე-მცენარეების სპეციალური ჭრა, ნებისმიერი სახის მშენებლობისათვის ხეების მოჭრის შემთხვევაში გავრცელდება აღდგენითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულება, მათ შორის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტებზეც.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურში განუმარტეს, ახალი რეგულაციების თანახმად იზრდება მერიის კონტროლი ხეების მოჭრის, გადარგვის ან საკომპენსაციო რგვის პროცესზე. საკომპენსაციო რგვისას, დაინტერესებული პირი ვალდებული იქნება წიწვოვანი ხე-მცენარის ნერგის შემთხვევაში დარგოს, სულ მცირე 3 მეტრი სიმაღლის ნერგი, ხოლო ფოთლოვანის შემთხვევაში, სულ მცირე 3.5 მეტრის სიმაღლის ნერგი.
მათივე ინფორმაციით, ​გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი და სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრაზე მერიის პასუხისმგებელი ორგანოების მონაწილეობა სავალდებულო ხდება: მშენებლობის ნებართვის გაცემის, განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამუშავების, ფუნქციური ზონის ცვლილების პროცესში და სპეციალური ზონალური შეთანხმებისას.
​”გაუნაშენიანებელი ტერიტორიებისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმით ყოველთვის იქნება გათვალისწინებული უფრო მეტი გამწვანებული სივრცე, ვიდრე ეს აქამდე იყო, მშენებლობის ნებართვის გაცემისას სამშენებლო სამუშაოების შესახებ საინფორმაციო დაფასთან ერთად განთავსდება გამწვანების პროექტის საინფორმაციო დაფაც, რომელზეც დატანილი უნდა იყოს დაგეგმილ გამწვანებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია”, – აცხადებენ ეკოლოგიის საქალაქო სამსახურში.
​მათივე ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, მშენებლობის დასრულებისას, სრულად გაამწვანოს პროექტით გათვალისწინებული სივრცე წინასწარ შეთანხმებული ხე-მცენარეებით; ახალი მშენებლობებისას ან მიმდინარე მშენებლობების სანებართვო პირობების ცვლილებისას ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს და თბილისის მერიას შეუთანხმოს გამწვანების პროექტი; თბილისის მერიის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას პროექტის ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი მიემართება მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება, მშენებლობის დროს ხმელი ხეების მოჭრას, მათ სანაცვლოდ საკომპენსაციო რგვისას ან ჯანსაღი ხეების გადარგვისას უპირატესობა მიენიჭება ამ ხეების იმავე ტერიტორიაზე დარგვა – გადარგვას. ხეების მოვლა-პატრონობისას დაინტერესებული პირი ვალდებული იქნება გარემოს დაცვის სამსახურს წარუდგინოს შესრულებული სამუშაოების პერიოდული ანგარიშები.
წარმოდგენილი სამართლებრივი ცვლილებების ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, მომდევნო სტადიაზე იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, რომელიც მომდევნო საპარლამენტო სესიაზე იქნება ინიცირებული.

კომენტარი