ელექტრონული პორტალი „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა

ელექტრონული პორტალი „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა

257
გაზიარება

თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. ელექტრონული პორტალი ახალი იდეების სისტემატიზაციას, საჯაროობასა და მიზნობრივ ადრესაციას ისახავს მიზნად, რომელიც განხილვისა და შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად, მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.
ვებპორტალ idea.tbilisi.gov.ge-ზე 13 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს არგუმენტირებული და დასაბუთებული იდეის დაფიქსირებისა და კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება აქვს.
​როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუმარტეს, ელექტრონული პორტალის ამოქმედების მიზანია ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართვა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
„უნდა დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული – ავირჩიეთ ქალაქის მთავრობა და ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მგონია, რომ ეს მიდგომა არასწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქალაქის განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ ამ ყველაფერში დედაქალაქის მოსახლეობა მონაწილეობდეს. დავიწყეთ მუშაობა, რათა შეგვექმნა სპეციალური პლატფორმა იმისთვის, სადაც შეიძლებოდა დედაქალაქის მოსახლეობას კონკრეტული პროექტები წარმოედგინა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ქალაქის განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ საშუალებით, მოქალაქეები საკუთარ პროექტებს წარმოადგენენ, ასევე, საშუალება ექნებათ, წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელონ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

„რა თქმა უნდა, თუ პროექტი საინტერესო იქნება, მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს  პროექტები, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის აქტუალური იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა და პროექტის განხორციელებისთვის თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.
ელექტრონული პორტალის შესახებ დეტალურად მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭედიშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ვებგვერდი იდეებისა და პროექტების დაფიქსირების ახალი საშუალებაა, რომელიც მერსა და მოქალაქეს შორის მეტ კომუნიკაციას ქმნის; ახალი ინსტრუმენტია ქალაქის მმართველობაში, სადაც მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტს შეუძლია დაინახოს, თუ რა აქტუალური საკითხები დგას დედაქალაქის მოსახლეობისთვის. ასევე, ზრდის მოქალაქეთა ჩართულობას ქალაქის განვითარებაში. ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით, რომლითაც შემდგომ ვებგვერდზე ავტორიზაციას შეძლებთ. არსებულ იდეაზე ხმის მისაცემად ვებგვერდზე რეგისტრაცია – შესვლა აუცილებელი არ არის. რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ახალი იდეის დამატების მსურველთათვის. მიმდინარე იდეების გაცნობა, რომლებზეც ხმის მიცემა აქტიურია, იდეების გვერდზეა შესაძლებელი. შეგიძლიათ იდეა აირჩიოთ სასურველი კატეგორიიდან, გაეცნოთ იდეის სახელწოდებას, აღწერას და დააფიქსიროთ თქვენი ხმა პირადი მონაცემების შეყვანით, რომლებიც შემდგომ გამოჩნდება საჯარო გვერდზე.
​ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს თბილისში რეგისტრირებული საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე. იდეის განხილვა ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რეგისტრირებული იდეა განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ, მეორე ეტაპი კი, მოიცავს იდეაზე ხმის მიცემას. მესამე ეტაპზე მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურული ერთეულები იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავენ.

კომენტარი