თბილისის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

თბილისის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

39
გაზიარება

თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, თბილისის საკრებულოში, ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო. ფორუმს საფუძველი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით ჩაეყარა.
​თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქში დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ თქვენი როლი ზოგადად, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა იყოთ მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ რეგიონებში, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში იმისთვის, რომ დაგეგმილი პროექტები განვახორციელოთ. მე, როგორც დედაქალაქის მერს, სამომავლოდ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები მაქვს დაგეგმილი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ელექტრონულ პორტალზე – „შენი იდეა ქალაქის მერს“ შემოსული იდეებისა და პროექტები რეალიზდეს.
„საკრებულოსთან ერთად, ასევე,ახალგაზრდების ჩართულობით საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. მჯერა, რომ ერთად შევძლებთ იმ სირთულეების გადალახვას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
​ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი საქართველოში წელს პირველად იმართება. ღონისძიების დელეგატები საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრები არიან. დელეგატებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარადგინეს და თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ფორუმის ფარგლებში, ასევე, შემუშავდება საერთო წინადადებები, რასაც ერთიან რეზოლუციაზე ხელმოწერით დაადასტურებენ.
ახალგაზრდულ ფორუმს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, დედაქალაქის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

კომენტარი