თსუ-ს მაღლივი კორპუსის საბაგირო გაზაფხულზე გაიხსნება 

თსუ-ს მაღლივი კორპუსის საბაგირო გაზაფხულზე გაიხსნება 

210
გაზიარება

​თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ბაგებთან დამაკავშირებელი საბაგირო, მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში გაიხსნება. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. საბაგიროს ორი ვაგონი ექნება და თითოეული მათგანი დაახლოებით 25 ადამიანზეა გათვლილი. პროექტს შპს „საქსპეცტრანსი“ ახორციელებს.
როგორც „სითი კვირას“ „საქსპეცტრანსის“ დირექტორის მოადგილე ვანო მეფარიშვილმა განუცხადა, სამუშაოების ფარგლებში ძველი გონდოლები აღადგინეს, ახალი ბაგირები დააყენეს, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო მასალა სხვა ქვეყნიდან არის შემოტანილი. გონდოლი და სადგური ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და გადაადგილებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები თავისუფლად შეძლებენ.
მისივე თქმით, „მაღლივი-ბაგების“ მიმართულებით გადაადგილებას 4-დან 5 წუთამდე დრო დასჭირდება. „საბაგირო მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში გაიხსნება. ექსპეტრიზის პასუხებს ველოდებით, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მცირე დეტალებია დარჩენილი. ტექნოლოგიურ ექსპერტიზას და სამშენებლო სამუშაოების ექსპერტიზას სხვადასხვა კომპანია აწარმოებს, რომელმაც უნდა მოგვცეს გახსნის ნებართვა. უსაფრთხოების თვალსაზრისით შემოწმდება და შემდეგ გაიცემა ამოქმდების ნებართვა“, – განმარტავს მეფარიშვილი.
მგზავრობის ღირებულება სავარაუდოდ 50 თეთრიდან – 1 ლარის ფარგლებში იქნება. სარეაბილიტაციო თანხა დაახლოებით 600 000 ლარს შეადგენს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი.
თამარ შელია

კომენტარი