„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ განცხადება რკინიგზის თბილისის ცენტრიდან გატანის საკითხზე

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ განცხადება რკინიგზის თბილისის ცენტრიდან გატანის საკითხზე

679
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მუშაობის პროცესში, მაქსიმალურად თავს ვიკავებდით პასუხი გაგვეცა და რეაგირება მოგვეხდინა ბოლო თვეებში, ძირითადად სოციალურ ქსელებში მიმდინარე იმ აღვირახსნილ და მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც ე.წ. “შავი პიარის“ აგორებაზეა გათვლილი, როგორც უშუალოდ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“, ისე თავად განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ.

ჩვენი გუნდი იყო, არის და იქნება მზად მოისმინოს და საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინოს ობიექტური კრიტიკა და შენიშვნები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. თუმცა დღეს, როდესაც თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა უკვე დასრულებულია და მისი დასკვნითი (ბოლო ეტაპის) მასალები საჯაროა, ცალკეულ პირთა ისტერიული მცდელობა, რომ ფაქტების უხეში დამახინჯებით, გენგეგმის მნიშვნელოვანი გადაწყვეტების მცდარი ინტერპრეტირებითა და რაც მთავარია, საზოგადოების აშკარა შეცდომაში შეყვანით, დისკრედიტაცია გაუწიონ თბილისისათვის ესოდენ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს, გვარწმუნებს, რომ ყოველივე ამას თავისი კონკრეტული მიზანი გააჩნია და ეს მიზანი აშკარად თბილისისა და მისი მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

დედაქალაქის განახლებულ გენგეგმის პროექტზე შეტევის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა დაუკავშირეს ბრიტანელი ექსპერტის ჯონ ბეროუზის 2017 წლის ივნისის ანგარიშს „ყოფილი საწარმოო ტერიტორიები („ბრაუნფილდები“) თბილისში“, რომელშიც პატივცემულმა ექსპერტმა, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა რკინიგზის ქალაქის ცენტრიდან გატანის საკითხი, ასევე მკაცრად გააკრიტიკა გენგეგმის ჯგუფი ამ გადაწყვეტილების არასათანადო არგუმენტაციისა და საკითხისადმი მიძღვნილი ტექსტის სიმწირის (სიტყვების მცირე რაოდენობის) გამო. ბუნებრივია, ეს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენგეგმის ადგილობრივ ოპონენტებს და „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და მისი პარტნიორები დადანაშაულებულ იქნენ არამხოლოდ არაკვალიფიციურობაში, არამედ საქართველოს რკინიგზის დასუსტებასა და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში.

სინამდვილეში კი საქმე შემდეგშია:

1. დღემდე მოქმედი, დედაქალაქის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის ძირითადი დოკუმენტი „ქ. თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა“, დამტკიცებულ იქნა ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის N 6-17 გადაწყვეტილებით. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N 20-105 დადგენილებით, აღნიშნული დოკუმენტი დამტკიცდა, როგორც „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“.

აღნიშნული ნორმატიული დოკუმენტის მე-20 მუხლი ამბობს: „1. ქ.თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების სამსახურმა და შემდგომში ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მის ხელთ არსებული ყველა ანალიტიკური, კვლევითი, გეგმარებითი და ტექნიკური ხასიათის მასალებიდან დააზუსტა დედაქალაქის ტერიტორიების განვითარების ზოგადი და ცალკეულ შემთხვევებში კონკრეტული ზონები, დაამუშავა მისი ტექსტური ნაწილი და უახლოესი პერიოდის მოსალოდნელი საჭიროების შესაბამისი ოპერატიული განვითარებისათვის შეიმუშავა შემდეგი ქალაქგეგმარებითი წინადადებები:

ა) რკინიგზასთან დაკავშირებული სამეურნეო ფუნქციების (სასაწყობო, დამხარისხებელი, სარემონტო და სხვა) გატანა თბილისის ცენტრალური ნაწილიდან. დიდუბისა და ნავთლუღის მიმდებარედ კვანძებში მაღალი კატეგორიის პოლიფუნქციური საზოგადოებრივ-საქმიანი სივრცის ჩამოყალიბება (სტილი დაცულია);

ბ) ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამონთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებით; …“

ამდენად, სრულიად ცხადი ხდება, რომ ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის საკითხი არანაირად არ არის „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და მისი პარტნიორების ინიციატივა და იგი ჯერ კიდევ მოქმედი თბილისის გენგეგმით იქნა შეთავაზებული და ორჯერ, სხვადასხვა წლებში დამტკიცდა თბილისის საკრებულოს მიერ.

ამასთან, თუ ვინმე არ ეთანხმება ჯერ კიდევ მოქმედი გენგეგმის აღნიშნულ პოზიციას, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურისათვის სრულიად არგუმენტირებულია (რასაც ადასტურებს თავისივე სამართლებრივი ჩანაწერით), საინტერესოა რატომ თავად დამქირავებელს არ თხოვენ „მათ ხელთ არსებულ“ არგუმენტებს და კვლევების შედეგებს, რომელიც უდავოდ აქვს მერიას (ყოველ შემთხვევაში ასეთი ჩანაწერია ჯერ 2009 წლის, შემდეგ კი 2014 წლის სახელცვლილი გენგეგმის დოკუმენტში) და რატომ იშვერენ თითს განახლებულ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისკენ?

2. პატივცემული ბრიტანელი ექსპერტი, თავისივე ანგარიშიდან გამომდინარე, არ მალავს, რომ თვალით არ უნახავს „სითი ინსტიტუტი საქართველო“-სა და მისი პარტნიორების მიერ მომზადებული განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი. მისი ანგარიშის დასკვნების ნაწილში, რომელიც მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას ეხება, ვკითხულობთ: „პუნქტი 25.28 მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი წარდგენილი უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტისთვის “ბრაუნფილდების“ ამ კვლევის განხორციელების დროს (აპრილი /მაისი) მაგრამ იმ დროისთვის არ ყოფილა დასრულებული. ამ ანგარიშში წარმოდგენილი კომენტარები გეგმასთან დაკავშირებით ეხება ხედვის განაცხადს „მომავლის ქალაქი – ხედვა – სტაბილურობიდან მდგრადობამდე“’.

ამდენად ირკვევა, რომ ბრიტანელ ექსპერტს ნანახი აქვს მხოლოდ 2015 წელს, საკონკურსოდ წარდგენილი ხედვის შესაბამისი ჩანაწერი (სადაც ჩვენ პრინციპში ვიზიარებდით მოქმედი გენგეგმის პოზიციას რკინიგზის ცენტრალურ მონაკვეთთან დაკავშირებით) და არა კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჩვენს მიერ ორი წლის განმავლობაში შემუშავებული განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური

გეგმის საბოლოო პროექტი, რომლის გადაწყვეტით დებულებებსაც იგი საერთოდ არ იცნობს.

3. თბილისის განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, მოქმედი გენგეგმისგან განსხვავებით, ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე, ინარჩუნებს სატრანსპორტო დერეფანს და სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის საქართველოს რკინიგზის მიერ შესაბამისი საფუძვლიანი კვლევების ჩატარებამდე, მგგ-ს ძირითად რუკაზე არეზერვებს პერსპექტიულ ელექტრო ტრანსპორტის ხაზს. ამავე დროს, „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და მისი პარტნიორები მივიჩნევთ, რომ სრულიად აუცილებელია ქალაქის ცენტრალური და დასახლებული ნაწილებიდან ჯანმრთელობისათვის საშიში სარკინიგზო ტვირთების მოძრაობის არიდება და რადგანაც ვხედავთ დიდ ნაკლოვანებებს დღემდე დაუსრულებელი მშენებარე შემოვლითი რკინიგზის პროექტში, საჭიროდ მივიჩნევთ ამისათვის ახალი ალტერნატიული გზის მოძიებას, რაც აგრეთვე შესაბამის კვლევებს უნდა ეფუძნებოდეს.

და ბოლოს, როდესაც პასუხი გაეცა განახლებული გენგეგმის დოკუმენტის ოპონენტთა სრულიად უსაფუძვლო და არაკომპეტენტურ პრეტენზიებს, სერიოზული კითხვა ჩნდება დამკვეთის, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ. რას ემსახურებოდა მის მიერ, 2018 წლის 15 იანვარს, საკუთარ საიტზე, სიახლეების ნაწილში, ჯონ ბეროუზის 2017 წლის ივნისის ზემოთხსენებული ანგარიშის ატვირთვა და ხომ არ იყო ყოველივე ეს განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის დისკრედიტაციის მცდელობა? იმედია არგუმენტირებული პასუხი არ დააყოვნებს.

კომენტარი